ახალი ამბები

ცოტა უცნაურია, პრესით იმის გაჟღერება, რომ ჩვენთან შეხვედრის სურვილი აქვთ – ფრონტერას დირექტორი მინისტრის მოადგილეს პასუხობს

23 ივნისი, 2020 • 2170
ცოტა უცნაურია, პრესით იმის გაჟღერება, რომ ჩვენთან შეხვედრის სურვილი აქვთ – ფრონტერას დირექტორი მინისტრის მოადგილეს პასუხობს

“ფრონტერას” აღმასრულებელი დირექტორი ზაზა მამულაიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების მინისტრის მოადგილის განცხადებას ეხმაურება, სადაც ამერიკულ კომპანიასთან კომპრომისზეა საუბარი.

მამულაიშვილის თქმით, გაუგებარია, რატომ დასჭირდა სამინისტროს მედიის საშუალებით განცხადების გავრცელება იმ ფონზე, როცა პირადად დავით თვალაბეიშვილს რამდენიმე დღის წინ ესაუბრა, სადაც მან უთრხა, რომ კომპანიისთვის სამინისტროს კონკრეტული წინადადება ჰქონდა:

“დღევანდელი გადაწყვეტილება საკმაოდ უჩვეულო დროსა და ადგილას გაჟღერდა. მაგალითად, 4-5 დღის წინ პირადად მქონდა საუბარი ბატონ თვალაბეიშვილთან… ის დამიკავშირდა და მითხრა, რომ რაღაც წინადადება ჰქონდა კომპანიისთვის, რაზეც შევთანხმდით, რომ თუ წინადადებას ჩამოაყალიბებდა, შეგვეძლო ამაზე გვესაუბრა. 3 დღეში  რა საჭირო იყო ტელევიზიითა და პრესით გაცხადება, რომ შეხვედრის სურვილი აქვთ, ცოტა უცნაური იყო ჩვენთვის… მით უფრო, წლებია მოვუწოდებთ იქითკენ, რომ უფრო ეფექტურად და კარგად ვითანამშრომლოთ. განსაკუთრებით ჩვენს გულისტკენას იწვევს ის, რომ ამავე მიმართვაში სახელმწიფო აგრძელებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის სახით, ყალბი ინფორმაციის გავრცელებას, რასაც აქამდე აკეთებდა. ვგულისხმობ იმას, რომ 1997 წლის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელსაც, ერთი მხრივ ,სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კორპორაცია და კომპანია აწერენ ხელს, მკაფიოდ არის გაწერილი, თუ რა პირობებით მუშაობს “ფრონტერა” არსებულ საბადოებზე. ასე რომ, სრულიად გაუგებარია, რაზეა საუბარი და რისი შემოთავაზება უნდათ, ან რა ახალ პირობებს აყენებს ბატონი თვალაბეიშვილი”, – აცხადებს მამულაიშვილი მთავარ არხთან.

დღეს, 23 ივნისს, ეკონომიკის სამინისტრომ მინისტრის მოადგილის, დავით თვალაბეიშვილის განცხადება გაავრცელა, რომელშიც ის აცხადებს, რომ მზად არიან, ფრონტერას გარკვეული პირობებით მუშაობის გაგრძელების უფლება მისცენ. ამასთან, თვალაბეიშვილი “ფრონტერას” წარმომადგენლებს შეხვედრასაც სთავაზობს: “მზად ვართ ეს საკითხები გავიაროთ კომპანიასთან და ვეცადოთ გამოვნახოთ იმგვარი კომპრომისი, რომ შესაძლებელი იყოს კომპანია „ფრონტერას“ მიერ არსებულ საბადოებზე გარკვეული პირობებით მუშაობის გაგრძელება, რა თქმა უნდა, მისი მხრიდან შესაბამისი გარანტიის მიღებით”.

სამინისტროს განცხადებაში ასევე წერია, რომ 17 აპრილს საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, ერთი მხრივ, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, ხოლო, მეორე მხრივ,  „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენსა“ და ფრონტერა აშშ-ს შორის წარმოშობილ სადავო საკითხებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც 1997 წლის 25 ივნისის პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ კონტრაქტიდან გამომდინარეობს. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მხარი დაუჭირა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ კონტრაქტის ნორმათა ინტერპრეტაციას და მათი სასარჩელო მოთხოვნების აბსოლუტური უმრავლესობა დააკმაყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი