ახალი ამბები

“გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა” – ევროპარლამენტარების განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებებზე

23 ივნისი, 2020 • 784
“გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა” – ევროპარლამენტარების განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებებზე

ორი ევროპარლამენტარი განცხადებას ავრცელებს საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესთან დაკავშირებით და  8 მარტის შეთანხმების ყველა მხარეს მოუწოდებს, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. განცხადება მარინა კალიურანდმა და სვენ მიკსერმა 22 ივნისს გაავრცელეს.

ისინი დადებითად აფასებენ ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას და პროპორციული საარჩევნო სისტემის მნიშვნელობაზე საუბრობენ.

“საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს ახალ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ქართველი პარლამენტარების ფართო მხარდაჭერა, რომლის ფარგლებშიც 150-დან 136-მა [ცვლილებების] სასარგებლოდ მისცა ხმა, აგზავნის დადებით სიგნალს და მოწმობს ფართო კონსენსუსზე.

8 მარტის შეთანხმების ყველა მხარეს მოვუწოდებთ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, ვინაიდან ეს უზრუნველყოფს საქართველოს პოლიტიკური გარემოს დეპოლიტიზებას და მოქალაქეთა დემოკრატიული ნების ასახვას მომდევნო მოწვევის პარლამენტში”, – აღნიშნავენ ისინი.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემთხვევაში, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 120/30 სისტემით, ანუ, 120 დეპუტატი აირჩევა პროპორციული, პარტიული სიით, 30 კი- მაჟორიტარული ოლქიდან. პირველი მოსმენისას ცვლილებებს დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა, დღეს, 23 ივნისს კი, პროექტს მეორე მოსმენით უყრიან კენჭს.

პარლამენტის სხდომა დაიწყო, რეგისტრაცია 115-მა დეპუტატმა გაიარა

მასალების გადაბეჭდვის წესი