ახალი ამბები

ხანგოშვილის ოჯახი გერმანიასა და შვედეთში დაცვას ითხოვს — DW

22 ივნისი, 2020 • 944
ხანგოშვილის ოჯახი გერმანიასა და შვედეთში დაცვას ითხოვს — DW

Deutsche Welle-ს ცნობით, განცხადებაში, რომელიც ხანგოშვილის ოჯახის ადვოკატებისგან მიიღეს, 2019 წელს ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქისა და ჩეჩნეთის მეორე ომის ვეტერანის, ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახი გერმანიის ხელისუფლებას დაცვის გამოყოფას სთხოვს.

„ვითხოვთ, რომ ჩვენ შორის მათ, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მიუღიათ დაცვა, აღნიშნული გამოუყონ გერმანიასა და შვედეთში. სამწუხაროდ, წინა წელს მტკივნეულად გავაცნობიერეთ, რომ გამართლებულია რუსეთის ხელისუფლების მხრიდან დევნის შიში, რომლის გამოც სამშობლო დატოვეთ”, — აღნიშნავს ოჯახი.


რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში.

მეჩეთში სალოცავად მიმავალ ხანგოშვილს უცნობი პირი ელექტრონული ველოსიპედით მიუახლოვდა და სამჯერ ესროლა. ხანგოშვილი მაშინვე გარდაიცვალა.

გერმანულ და შემდეგ საერთაშორისო მედიაში მალევე გავრცელდა ცნობები მკვლელობაში ბრალდებულის სავარაუდო კავშირზე რუსეთის სახელმწიფო სპეცსამსახურებთან, რასაც დღემდე კატეგორიულად უარყოფს ოფიციალური მოსკოვი.

თავდაპირველად ჟურნალისტურ გამოძიებებში გამოკვეთილმა ბრალდებამ დღეს უკვე ოფიციალურ არხებში გადაინაცვლა.

ზელიმხან ხანგოშვილის 2015 წელს 28 მაისს თბილისში, მირზა გელოვანის ქუჩაზე შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. მანქანაში მჯდარ ხანგოშვილს 8 ტყვია ესროლეს და დაჭრეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), რომელიც გამოძიებას აკვირდებოდა, აცხადებს, რომ პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობდა.

EMC-ის თანახმადვე, ხანგოშვილის მიმართ რუსეთის სპეციალური სამსახურების ინტერესი ყოველთვის მაღალი იყო.

გამოცემა „აქცენტთან“, რომელიც ხშირად აშუქებს ეთნიკური ჩეჩნების პრობლემებს, თვითონ ზელიმხან ხანგოშვილი ამ თავდასხმას პირდაპირ უკავშირებდა რუსეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობას:

„არასდროს დამიმალავს, რომ რუსეთ–ჩეჩნეთის ომში ვიბრძოდი და ჩემი მეორე სამშობლოს ინტერესებს ვიცავდი. ამასთან, რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის დროს გავწიეთ ორგანიზება, შევკრიბეთ ქისტები და მზად ვიყავით საომრად. იქ, სადაც რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ და ჩემი ქვეყნის ინტერესების დასაცავად შემიძლია ბრძოლა, ამას მომავალშიც გავაკეთებ, ბუნებრივია, ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე. შესაბამისად, მე მათი ინტერესების დამაბრკოლებელი ფიგურა არა, მაგრამ ჭანჭიკი მაინც ვარ“, – გამოცემის თანახმად, ამას ამბობდა თავდასხმის შემდეგ ზელიმხან ხანგოშვილი.

ის მართლაც იყო გამორჩეული ფიგურა ჩეჩნეთშიც და საქართველოშიც. დაახლოებული იყო ჩეჩნეთის პრეზიდენტ ასლან მასხადოვთან, რომელიც 2005 წელს მოკლეს რუსეთის ფედერალურმა ძალებმა; ფიგურირებდა 2012 წლის ლოპოტის ხეობის/ლაფანყურის სპეცოპერაციის ეპიზოდშიც: ის მაშინ ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა და ახმედ ჩატაევთან ერთად აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

2020 წლის 18 ივნისს გერმანიის პროკურატურამ მომხდარში რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი