ახალი ამბები

მხარს არ ვუჭერ საკონსტიტუციო ცვლილებებს – ჭიჭინაძე

21 ივნისი, 2020 • 917
მხარს არ ვუჭერ საკონსტიტუციო ცვლილებებს – ჭიჭინაძე

ისნის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტარი დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ ის მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიზანის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების სისტემის შეცვლაა.

“ჩემი მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება. ჯერ ერთი, გაუგებარია როგორ უნდა აჯობოს 30 მაჟორიტარმა 73 მაჟორიტარს ხალხის მსახურებაში?

და მეორე, აბსოლუტურად მიუღებელია ის „ვაჭრობა“, რასაც ამ თემის გარშემო ბოლო თვეებია ვაკვირდებით“ – პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ. 

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ, გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდა, გასაგებიც იყო და აუცილებელიც, მაგრამ მისთვის გაუგებარია “ეს რაღაც შუალედური არგუმენტები, დაუსრულებელი ვაჭრობა”.


დღეს, 21 ივნისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ პირველი მოსმენით. ამ ცვლილებების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციულთან მიახლოებული სისტემით (120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული). ამ ცვლილებებით, პარტიებმა პარლამენტში მოსახვედრად უნდა გადალახონ 1%-იანი ბარიერი, გარდა ამისა, თუ პარტიას არ ექნება მიღებული ხმების 40%-ზე მეტი, ის ვერ დააკომპლექტებს მთავრობას.

“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ უმრავლესობის 92 დეპუტატი გარანტირებულად დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ამ ცვლილებების მიღებას კი, სულ მცირე, 113 ხმა სჭირდება. ცვლილებებისთვის მხარდაჭერას აპირებენ დამოუკიდებელი დეპუტატები, კონსერვატორები, ასევე სოციალ-დემოკრატებისა და პატრიოტთა ალიანსის ფრაქცია.

ცვლილებებისთვის მხარდაჭერას არ აპირებს ენმ, თუ პატიმრობიდან არ გათავისუფლდება “მთავარი არხის” მეწილე გიორგი რურუა, “ევროპული საქართველო” კი პირველ მოსმენაზე მხარდაჭერის პირობას დებს, შემდეგი მოსმენებისთვის კი ისინიც რურუას გათავისუფლებას მოელიან.

8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორმა ელჩებმა 19 ივნისს გაავრცელეს განცხადება და პროცესში ჩართულ ყველა მხარეს აღნიშნული ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი