ახალი ამბები

არარსებული მოტივით ჩვენს რამდენიმე წევრს ცესკომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა — “ტრიბუნა”

28 სექტემბერი, 2020 •
არარსებული მოტივით ჩვენს რამდენიმე წევრს ცესკომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა — “ტრიბუნა”

პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნის” ლიდერის, დავით ჭიჭინაძის თქმით, მათი მოძრაობის რამდენიმე წევრს ცესკომ “არარსებული” ნასამართლეობის გამო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა. ამის შესახებ “ტრიბუნის” წევრებმა დღეს, 28 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც ჭიჭინაძე ამბობს, ესენი არიან “ტრიბუნის” მაჟორიტარობის კანდიდატი სამცხე-ჯავახეთში — გელა კვარაცხელია, “ტრიბუნის” პროპორციული სიის წევრები: გარნიკ სიმონიანი და ბორის მიქელაძე.

“როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილის დანაპირებს, რომ გელა კვარაცხელიას, ყოფილ გუბერნატორს, არასოდეს მისცემდა სადმე მუშაობის უფლებას, ახლა „ქართული ოცნება“ ასრულებს და საკმაოდ წარმატებულადაც”, — განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

“გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი… ყველა მონაწილეობს, იმათ მიმართ განაჩენი მაინც არის დამდგარი, ამათ მიმართ არც სასამართლო ჩატარებულა და კაცი საერთოდ პოლიციაშიც არ არის ნამყოფი[…]. არცერთი არ არის ნასამართლევი. ერთადერთი მათგან ნასამართელევი ვინც არის, ეს ბორის მიქელაძეა, მაგრამ 2012 წელს უკვე არჩევნებში მონაწილეობა მიღებული აქვს”, — განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

თავად გელა კვარაცხელია კი  შსს-ს და ხელისუფლებას მიმართავს, რომ ცესკომ “სასწრაფოდ გამოასწოროს ხარვეზი და უზრუნველყოს მისი, როგორც კანდიდატის, რეპუტაციის აღდგენა”.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩანაწერი ჩემი ნასამართლებობის შესახებ, რის გამოც ცესკომ ჩემი 2020 წლის არჩევნებიდან მოხსნა განიზრახა, არის ტყუილი! წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუთითონ სასამართლო, მოსამართლე, მუხლი, რომლითაც მე გამასამართლეს”, — აცხადებს გელა კვარაცხელია.

„ტრიბუნის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლია მუხაშავრიას თქმით, ცესკო ადმინისტრაციული ორგანოა და ვალდებულია არჩევნებზე არდაშვების შესახებ გადაწყვეტილება დაასაბუთოს.

“ამ ადამიანებს კი აქვთ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, რაც ვერ ხერხდება, რადგან ცესკო არ იძლევა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ამ საქმეს მსვლელობა მიეცემა, მანამდე კი ვაცხადებთ, რომ მომხდარს განვიხილავთ პოლიტიკური დევნის და “ტრიბუნის” წინააღმდეგ სახელმწიფო აქტივობის გამოვლენის მცდელობად”, — განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

ცესკოში აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ. როგორც “ნეგაზეთს” ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განუმარტა, “ტრიბუნას” საარჩევნო ადმინისტრაციისთვის პარტიული და მაჟორიტარული სიების დასარეგისტრირებლად ამ დრომდე არ მიუმართავს და შესაბამისად, ვერც რომელიმე კანდიდატის დარეგისტრირებაზე მიიღებდნენ უარს.

“პოლიტიკურ პარტია “ტრიბუნას” ჯერ არ მოუმართავს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის არც პარტიული სიის და არც მაჟორიტარი კანდიდატების რეგისტრაციის მიზნით. შესაბამისად, არც პარტიული სიის და არც რომელიმე მაჟორიტარი კანდიდატის დარეგისტრირების შესახებ უარი არ მიუღია. საერთოდ, მათი განცხადება იმის შესახებ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ არ დაარეგისტრირა რომელიმე კანდიდატი, არ წარმოადგენს სიმართლეს, იქიდან გამომდინარე, რომ მომართვითაც კი არ მოუმართავთ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის”, — განაცხადა ანა მიქელაძემ.

“ცესკოდან” პასუხის მიღების შემდეგ განმარტება “ტრიბუნასაც” ვთხოვეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ პარტიულ და მაჟორიტარულ სიებს დასარეგისტრირებლად ამზადებენ და სწორედ ამ მზადების პროცესში მიიღეს “ტრიბუნას” წევრებმა შსს-ს მომსახურების სააგენტოდან “მინაწერი ნასამართლეობის შესახებ”, რაც მათ ეჭვს უჩენს, რომ შსს და ცესკო “შეთანხმებულად მოქმედებენ”.

“ეს სიები, მაჟორიტარების და პარტიულიც შედის ზეგ, მაგრამ სანამ სიები შევა, წინასწარ მზადდება: დეკლარაციები ივსება… შსს-დან ამ ადამიანებზე მოვიდა სრულად არარსებული ცნობები, რომ ნასამართლევი არიან და რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვეულებრივად არ მიიღებდა ცესკო ამას. აქ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი — ხომ არ მოქმედებენ შეთანხმებულად შსს და ცესკო, რომ დაიბლოკოს ჩვენი კანდიდატები”, — აცხადებენ “ტრიბუნაში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი