ახალი ამბები

რატომ არ სჯერათ ოპოზიციაში გახარიას გუნდის ოპოზიციონერობის

14 აპრილი, 2021 • 1033
რატომ არ სჯერათ ოპოზიციაში გახარიას გუნდის ოპოზიციონერობის

დღეს, 14 აპრილს, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა “ქართული ოცნება” დატოვეს და გახარიასთან ერთად ახალი პარტიის შექმნა დააანონსეს.

გახარიას გუნდთან დაკავშირებით კითხვები აქვთ ოპოზიციაში. მათი თქმით, გახარიას მოუწევს დაამტკიცოს, რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტი არაა. ამასთან, მან იმ კითხვებსაც უნდა გასცეს პასუხი,  რომელიც უშუალოდ გახარიას თანამდებობაზე ყოფნის დროინდელ მოვლენებს უკავშირდება.

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერია ამბობს, რომ გახარიას გუნდმა პოზიცია  ვადამდელ არჩევნებსა და იმ ადამიანების გათავისუფლებაზე უნდა დააფიქსიროს, რომელთაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მიიჩნევს.

ამასთან, ბოკერიას თქმით, ივანიშვილის გარემოცვაში “რყევები” ბუნებრივია იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც მისმა გუნდმა ქვეყანაში შექმნა.

“მერე ვნახოთ რაოდენობა ამ ადამიანების. თავისთავად ყველაფერი, რაც ამა თუ იმ ფორმით ხელს შეუწყობს პროცესის დაჩქარებას ნორმალური ვადამდელი არჩევნების ჩატარების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების, ჩვენთვის, საზოგადოებისთვის არის პოზიტიური. მიუხედავად იმისა, რა გათვლები აქვს, ჯერჯერობით ჩვენ გახარიასგან და მისი გარემოცვიდან რაიმე პოლიტიკური პოზიცია არაფერზე არ მოგვისმენია.

ამიტომ, მე არ ვარ შეთქმულების თეორიების მომხრე, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ ვერსიას, რომ ეს ყველაფერი არის მცდელობა “ბ” გუნდის გაკეთების ივანიშვილის გარშემო, საფუძველი აქვს. თუ ეს ასე არ არის, გვაჩვენონ თავისი მოქმედებებით. თუ მთავრობის უნდობლობას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს უჭერენ მხარს, ძალიან კარგი. ამასთან, გიორგი გახარიამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს. ჩრდილში ყოფნა და მოლოდინის რეჟიმის შექმნა არასერიოზულად გამოიყურება”, — ამბობს ბოკერია.

გიორგი გახარიას მომავალი პარტია “ქართული ოცნება 2” არის “ნაციონალური მოძრაობისთვის”. თინა ბოკუჩავას თქმით, ეს მოულოდნელი არაა, რადგან ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია აკეთებდა განცხადებებს, რომ თუ საჭირო გახდება ქვეყანაში ოპოზიცია, მას თავად შექმნიდა.

“ავანსცენაზე გამოიყვანა მის მიერ შექმნილი ოპოზიცია. ძალიან კარგად ხვდება, რომ ღარიბაშვილი-კობახიძის ამარა არჩევნებზე გასვლა იქნება ძალიან დიდი შეცდომა და გადაწყვიტა, რომ უკვე “ქართული ოცნება 2-ით” იასპარეზოს შემდეგ არჩევნებზე”, — განუცხადა “რუსთავი 2-ს” თინა ბოკუჩავამ.

იმას, რომ გახარიამ მასთან დაკავშირებით კითხვებს პასუხი უნდა გასცეს, ეთანხმება “მოქალაქეების” წევრი ლევან იოსელიანიც. თუმცა აღნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებისგან” გარკვეული ჯგუფების გამოყოფას და განსხვავებული დღის წესრიგით მოქმედებას მიესალმება.

“კითხვები იქნება და ეს არის ლოგიკური იმიტომ, რომ ეს ადამიანები იყვნენ იმ პროცესების და გადაწყვეტილებების მონაწილე, რომელიც აქამდე გახარიას მეთაურობით იქნა მიღებული. ამიტომ, მათ მოუწევთ ამ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხის გაცემა იმისთვის, რომ დაარწმუნონ საზოგადოება თავიანთი გადაწყვეტილების გულწრფელობაში. თუმცა, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს იმას, რომ პარლამენტში შეიქმნა კიდევ ერთი დამოუკიდებელი ოპოზიციური ჯგუფი, მხოლოდ და მხოლოდ მივესლმები”, — განაცხადა ლევან იოსელიანმა.

“სტარტეგია აღმაშნებლის” წევრი პაატა მანჯგალაძე კი “ქართული ოცნებას” უსურვებს, პარტიიდან დეპუტატების წასვლის პროცესი გაგრძელდეს.

“ქართული ოცნებისგან” დეპუტატების წამოსვლა მიუთითებს იმ ღრმა პოლიტიკურ კრიზისზე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გავრცელდეს, ეს ერთი და სხვა მრავალი — ამას ვუსურვებდი “ქართულ ოცნებას”.

უნდა ვიცოდეთ, ფუნდამენტურ და პრინციპულ საკითხებზე რა სხვაობაა მათსა და “ქართულ ოცნებას” შორის. ვინაიდან აქამდე არ მოგვისმენია მსგავსი შეფასება, თუ რაში არ ეთანხმებიან “ქართულ ოცნებას” და რა პრინციპული სხვაობები არსებობს მათ შორის”, — განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

“ქართული ოცნების” გუნდის ყოფილი წევრი და “ტრიბუნის” ლიდერი დავით ჭიჭინაძე კი ფიქრობს, რომ თუ გახარიას ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან პრობლემები არ შეექმნება, მაშინ “ქართული ოცნების”კრიზისი ხელოვნურია და გახარიას პარტიაც ივანიშვილის პროექტია.

“თუ გახარიას ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან პრობლემები არ შეექმნება, თუ პროკურატურაში არ დაიბარებენ, არც კითხვები ექნებათ მათთან , თუნდაც გახარიას შს მინისტრობის პერიოდზე, და არც პრობლემები; ზოგადად კი, თუ გახარია თავად არ ახსნის და პასუხს არ გასცემს იმ ბევრ კითხვას, რომელიც რეალურად არსებობს, მაშინ „ქართული ოცნების“ ეს ე.წ. კრიზისი ხელოვნულია და თამაში და პროექტი – ივანიშვილის.

ანუ, გახარიას ქმნიან პოლიტიკურ ლიდერად, რომელიც, თავის მხრივ, შექმნის პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში, დაინიშნება ვადამდელი არჩევნები და სანამ ოპოზიცის ნაწილი მუდმივად პარლამენტში შედი-არშედიზე საუბრობს, შესულები გარეთ სწორედ გახარიას მეშვეობით დარჩებიან, კობახიძეზე გადაბარებულ „ოცნების“ ნარჩენებთან ერთად. ამ ყველაფერს კი ძალიან მალე დავინახავთ, თუ მის გუნდში ის უპრინციპო ბიზნესმენები დაიწყებენ გადალაგებას, ვისაც მხოლოდ საკუთარი კომფორტი აღელვებს”, — აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი