ახალი ამბები

თუ რამე შეიცვლება შემდეგ მოსმენებამდე, გადავხედავთ ჩვენს გადაწყვეტილებას – ენმ

21 ივნისი, 2020 • 1222
თუ რამე შეიცვლება შემდეგ მოსმენებამდე, გადავხედავთ ჩვენს გადაწყვეტილებას – ენმ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა დღეს, 21 ივნისს განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება სრულად შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას, მე-2 და მე-3 მოსმენაზე მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ენმ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარდაჭერის მთავარ პირობად “მთავარი არხის” მეწილის, გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვს.

“კარგია, რომ სხვა ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლება გადაწყვიტეს, დააზღვიონ საკონსტიტუციო ცვლილებები და დღეს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერენ აღნიშნულ ცვლილებებს. ამავე დროს, სანამ 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი არ არის შესრულებული და ქვეყანაში გვყავს პოლიტპატიმრები, ენმ დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. თუ რამე შეიცვლება შემდეგ მოსმენებამდე, ჩვენ, რა თქმა უნდა, გადავხედავთ ჩვენს გადაწყვეტილებას”, – თქვა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე სალომე სამადაშვილმა.

რაც შეეხება “ევროპულ საქართველოს”, აღნიშნული პარტია პირველ მოსმენაზე მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუმცა შემდეგ მოსმენებზე გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებენ, ხელისუფლება გაათავისუფლებს თუ არა პატიმრობიდან გიორგი რურუას.

როგორც “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, დღევანდელი კენჭისყრაში მონაწილეობითა და მხარდაჭერით პარტია მოიგებს რამდენიმე დღეს და ხელისუფლებას არ მისცემს საშუალებას, პირველივე მოსმენაზე ჩააგდოს საკონსტიტუციო ცვლილებები.

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ პირველი მოსმენით. ამ ცვლილებების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციულთან მიახლოებული სისტემით (120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული). ამ ცვლილებებით, პარტიებმა პარლამენტში მოსახვედრად უნდა გადალახონ 1%-იანი ბარიერი, გარდა ამისა, თუ პარტიას არ ექნება მიღებული ხმების 40%-ზე მეტი, ის ვერ დააკომპლექტებს მთავრობას.

“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ უმრავლესობის 92 დეპუტატი გარანტირებულად დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ამ ცვლილებების მიღებას კი, სულ მცირე, 113 ხმა სჭირდება. ცვლილებებისთვის მხარდაჭერას აპირებენ დამოუკიდებელი დეპუტატები, კონსერვატორები, ასევე სოციალ-დემოკრატებისა და პატრიოტთა ალიანსის ფრაქცია.

8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორმა ელჩებმა 19 ივნისს გაავრცელეს განცხადება და პროცესში ჩართულ ყველა მხარეს აღნიშნული ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

რა წერია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში?

მასალების გადაბეჭდვის წესი