ახალი ამბები

იმედი მაქვს, გვექნება სასამართლო, სადაც არ შეგვრცხვება მისვლა – ჯანეზაშვილის სიტყვა აქციაზე

20 ივნისი, 2020 • 1965
იმედი მაქვს, გვექნება სასამართლო, სადაც არ შეგვრცხვება მისვლა – ჯანეზაშვილის სიტყვა აქციაზე

უზენაესი სასამართლოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა, 20 ივნისის დარბევის წლისთავთან დაკავშირებით პარლამენტის წინ შეკრებილი დემონსტრანტებისათვის სიტყვით მიმართვისას იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოება ერთად შეძლებს სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას. მან გასული წლის ივნისის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ აქციაზე დაკავებულებმა და დაზარალებულებმა ვერ ისარგებლეს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სწორედ იმ პრობლემების გამო, რომლებიც სისტემაში არსებობს.

“სამწუხაროდ, დღესაც, ქვეყანაში პოლიტიკური ნება არ არსებობს იმისთვის, რომ პოლიტიკურმა ხელისუფლებამ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შექმნის დამოუკიდებელ სასამართლოს. ნაცვლად ამისა, 6 თვის წინ, დეკემბერში, თქვენ ნახეთ, რომ საქართველოს პარლამენტმა 2050, 53 წლამდე დანიშნა მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში; ისეთი ადამიანები, რომელთაც არანაირი ნდობა არ გააჩნიათ”, – აღნიშნა მან.

ჯანეზაშვილის თქმით, იმედი აქვს, რომ ბრძოლა სამართლიანი სასამართლოსთვის წარმატებით დასრულდება.

“მე მაქვს იმედი, რომ თქვენთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ბევრ რამეს და შევძლებთ იმას, რომ როდესაც წლების მანძილზე დადიხართ სასამართლოებში, იღწვით იმისთვის, რომ მიაღწიოთ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ეს ბრძოლა დასრულდეს წარმატებით.

იმედი მაქვს, ერთ მშვენიერი დღეს, გვეყოლება ისეთი სასამართლო და მოსამართლეები, სადაც მისვლა გაგვიხარდება და არ შეგვრცხვება და არ შეგვეშინდება… პოლიტიკური ხელისუფლება კი სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სისტემას საკუთარი ინტერესებისთვის, თქვენს წინააღმდეგ არ გამოიყენებს”, – მიმართა საბჭოს წევრმა აქციის მონაწილეებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი