ახალი ამბები

თაკო ჩარკვიანი საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს

20 ივნისი, 2020 • 2229
თაკო ჩარკვიანი საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს

პარტიის “კანონი და სამართალი” დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი თბილისში, საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს. ამის შესახებ მან “ნეტგაზეთს” განუცხადა და აღნიშნა, რომ “საქმეს ასე სჭირდება”.

ლეიბორისტების ოფისში შეკრებილ ოპოზიციაზე საუბრისას ჩარკვიანი აღნიშნავს, რომ ამ ხნის მანძილზე ვითარებას აკვირდებოდა, საბოლოოდ კი ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო. ის განსაკუთრებით აკრიტიკებს გიგა ბოკერიასა და მამუკა ხაზარაძეს, რომელთაც, მისი თქმით, “შუა ხმების წაღება სურთ” და პირადი ინტერესები ამოძრავებთ.

“მე გამოვუცხადე გაფართოებულ ოპოზიციას ბატონი შალვას ოფისში, რომ მათთან მე არაფერს არ ვიყოფ, არ ვინაწილებ და არაფერი საქმე, გარდა პროპორციული არჩევნების თემისა, არ მაქვს. ჩემს სიცოცხლეში არ არის შემთხვევა, რომ პირი ვიცვალო. ასე შევასრულე ბოლომდე.

ნახეთ თქვენ, ხაზარაძემ გაიწია. თქვა, ჯერ არაო. მერე ამ გაფართოებულმა მაგიდამ თქვა, ხაზარაძე ჩვენთან არის მაჟორიტარებშიცო. ვერ გავიგე, საერთო სია არ გვინდა და მაჟორიტარებში საერთო გვინდა, ეს რა არის? არ ვიცი და არც მაინტერესებს”.

თაკო ჩარკვიანის თქმით, საჭიროდ არ მიიჩნია, ე.წ. “ლეიბორისტების მაგიდის” წევრებთან რაიმე შეეთანხმებინა. რაც შეეხება “ძალა ერთობაშია”-ს, რომელშიც “ნაციონალური მოძრაობაც” შედის, ის რჩება აღნიშნული კოალიციის წევრად და არ ელის, რომ იქიდან საბურთალოზე კანდიდატურას წამოაყენებენ.

“ალბათ ხვდებით, რომ ის[“ძალა ერთობაშია”] კონკურენტს არ დამიყენებს. მე მათ შემადგენლობაში ვარ. ამიტომ გადაწყდა, რომ დამოუკიდებელი კანდიდატის ფორმატით მე ვიყრი კენჭს საბურთალოს რაიონში. ახლა ვთავაზობ იმათ, ნათელაშვილის ოფისში რომ არიან შეკრებილნი: აბა მობრძანდით ახლა, რომელს გინდათ, კუთხეში ადგილი მიგიჩინოთ. დააყენონ თავიანთი კანდიდატურა, თუ მაგრები არიან, საბურთალოს რაიონში”, – თქვა მან.

ჩარკვიანი აღნიშნავს, რომ საზოგადოება დაიღალა “გარიგებული ოპოზიციით” და არ აპირებს, აღნიშნულს შეეგუოს. მისივე თქმით, კამპანიის დევიზი იქნება “არცერთი ხმა პუტინს!”

ლეიბორისტული პარტიის ოფისში მიმდინარე კონსულტაციები გუშინ, 19 ივნისს დასრულდა. ოპოზიციამ საერთო კანდიდატები თბილისის 6 ოლქში დაასახელა: ყველგან, დიდუბე/ჩუღურეთისა და საბურთალოს გარდა. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ოქლებთან მიმართებით კონსულტაციები გრძელდება.

შეთანხმება მიღწეულია: ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისში [სია]

მასალების გადაბეჭდვის წესი