ახალი ამბებიეკონომიკა

“რაც პარლამენტშია, იმის შეცვლა შესაძლებელია და კიდევ ვმსჯელობთ” – გახარია შრომით კანონმდებლობაში ცვლილებებზე

18 ივნისი, 2020 • 2010
“რაც პარლამენტშია, იმის შეცვლა შესაძლებელია და კიდევ ვმსჯელობთ” – გახარია შრომით კანონმდებლობაში ცვლილებებზე

“ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ ბიზნესთან ერთად იმისთვის, რომ შრომის ახალი კანონმდებლობა კი არ ურთულებდეს ბიზნესს ცხოვრებას, არამედ უმარტივებდეს.  ჩვენს სოციალურ გარემოს  და ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას ხდიდეს უფრო მდგრადს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ მიმართულებით კანონმდებლობა იყოს დაბალანსებული.

„ჩვენ ბევრი გვისაუბრია ამაზე და შეიძლება ვთქვათ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იყოს დაბალანსებული კანონმდებლობა და რაც პარლამენტშია, იმის შეცვლა შესაძლებელია და კიდევ ვმსჯელობთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

17 ივნისს საქართველოს ბიზნესასოციაციამ გავრცელებულ განცხადებაში გააკრიტიკა პარლამენტში ინიცირებული ცვლილებების პროექტი, რომელიც შრომით ურთიერთობებს არეგულირებს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კანონის პროექტი, დამტკიცების შემთხვევაში, გაართულებს ვითარებას შრომით ბაზარზე, “რომელიც ისედაც დაზარალდა ახალი კორონავირუსის კრიზისის შედეგად”.

“საქართველოს ბიზნესასოციაციის” მხრიდან შრომით კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების კრიტიკა კანონპროექტის ავტორს, დიმიტრი ცქიტიშვილს, უსაფუძვლოდ მიაჩნია. ცქიტიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია, რომელიც პროექტის მიღების შემთხვევაში პანდემიის გამო შექმნილი პრობლემების კიდევ უფრო გამწვავებას პროგნოზირებს,  ამ ცვლილებებს ყოველთვის აკრიტიკებდა, რადგან შრომის ბაზრის რეგულირებისათვის ეფექტური მექანიზმების დანერგვას უფრთხოდა.

ცქიტიშვილის ინიციატივით, იცვლება დეკრეტული შვებულების ანაზღაურება

მასალების გადაბეჭდვის წესი