ახალი ამბები

7 ნოემბრის შემდეგ ცხინვალიდან თარგამაძის მკვლელობა იგეგმებოდა – უტიაშვილი

18 ივნისი, 2020 • 2078
7 ნოემბრის შემდეგ ცხინვალიდან თარგამაძის მკვლელობა იგეგმებოდა – უტიაშვილი

ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებზე საუბრისას, შსს-ს ანალიტიკური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, შოთა უტიაშვილმა, ჟურნალისტ გიორგი თარგამაძის მკვლელობის მომზადების საქმე გაიხსენა. მან აღნიშნულთან დაკავშირებით თავად თარგამაძის გადაცემაში, ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ილაპარაკა, უტიაშვილის მონაყოლი კი თავად ჟურნალისტმაც დაადასტურა.

აღნიშნულთან დაკავშირებით შოთა უტიაშვილს “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა და დეტალების გახსენება სთხოვა. მისი თქმით, ჟურნალისტის მკვლელობის მომზადებასთან დაკავშირებით მაშინდელმა ხელისუფლებამ  ინფორმაცია სამხრეთ ოსეთის ე.წ. გრუ-სგან მიიღო, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან დაახლოებით 1 კვირის შემდეგ.

უტიაშვილის თქმით, პირადად შესთავაზა გიორგი თარგამაძეს დაცვის დანიშვნა, თუმცა მისგან უარი მიიღო.

“ცხინვალის დაჯგუფება იყო. ე.წ. სამხრეთ ოსური გრუ-დან მოგვიტანეს ინფორმაცია, რომ აპირებდნენ ამ კაცის ლიკვიდაციას. მე შევხვდი თარგამაძეს პირადად, ლონდონში იყო, ბადრი პატარკაციშვილთან. ჩამოვიდა და ვუთხარი, დაცვას დაგინიშნავთ-მეთქი. არ მინდაო, მითხრა. მთავარი ოპოზიციური ჟურნალისტი იყო მაშინ და ბადრი დამიცავსო. შემდგომ აიყვანა დაცვა”, – აცხადებს შოთა უტიაშვილი.

“მერე სიტუაციაც დაწყნარდა და აღარ შედგა, საბედნიეროდ”, – ამატებს ის.

მისი თქმით, მკვლელობის დამგეგმავებმა, სავარაუდოდ, ვეღარ შეძლეს გეგმის განხორციელება, თუმცა სახელმწიფოს ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია, რომ საკითხი განიხილებოდა.

“განიხილავდნენ ამ ამბავს და ეძებდნენ პირს, რომელიც ამას შეასრულებდა. მაგრამ გაბუნიას შემთხვევაშიც ხომ ნახეთ, რამდენიმე თვე სჭირდება ასეთი პირის პოვნას, მის გაგზავნას და ა.შ. როგორც ჩანს, მერე ვერ შეძლეს, ან უარი თქვეს. მაგრამ ამას რომ განიხილავდნენ, ზუსტად ვიცოდით”, – აცხადებს ის “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

უტიაშვილის განმარტებით, მხოლოდ ამ ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება არ დაწყებულა.

შოთა უტიაშვილის ნათქვამი “ფორმულის” ეთერში გიორგი თარგამაძემაც დაადასტურა და ისაუბრა წინაპირობებზეც, რომელთა ფონზეც მისი მკვლელობის მომზადების ამბავი შეატყობინეს.

„საუბარია 2007 წლის 7 ნოემბრის შემდგომ პერიოდზე, როდესაც ჩვენ შორის დაპირისპირების ხარისხი მწვავე ფაზაში იყო. ტელევიზია დარბეული და დახურული იყო, ვიბრძოდით იმისთვის, რომ ხელახლა გავსულიყავით ეთერში და ასე შემდეგ. დაძაბულობა და ტემპერატურა საზოგადოებაში ძალიან მაღალი იყო.

ამ მომენტში არც არის გასაკვირი, რომ უნდობლობის ხარისხი ძალიან მაღალი იყო ხელისუფლებისადმი, მე მომივიდა შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროსი, მათ შორის თქვენ იყავით და მე შემატყობინეთ, რომ ოპერატიული ინფორმაცია გქონდათ ცხინვალიდან მართვადი ერთი თუ ორი ჯგუფის შესახებ, რომელთაც პირდაპირ ჰქონდათ დავალებული ჩემი მოკვლა. ეს იყო ამოცანა, რომ სიტუაცია უფრო მეტად დაძაბულიყო.

მაშინ მე უარი ვთქვი სახელმწიფო დაცვაზე, მიუხედავად იმისა, რომ დაჟინებული შემოთავაზება იყო. მაშინ ტელეკომპანია იმედის ხელმძღვანელობამ უზრუნველყო ჩემი დაცვა. ეს ისტორია ნამდვილად მოხდა. ამის მომსწრე არიან ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები, რომელთა სიცოცხლეც იდგა სერიოზული საფრთხის ქვეშ“, – განაცხადა თარგამაძემ.


15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას. გვარამიამ ასევე განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, რომელმაც გასულ წელს პუტინის გინების გამო გაბუნიას გადამალვა ურჩია.

აღნიშნულს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია, რომელმაც აღნიშნა, რომ “მთავარი არხის” ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე შეფასებები გამოძიების დასრულების შემდეგ უნდა გაკეთდეს, მანამდე კი განცხადებებს “პოლიტიკური ირესახე დასდევს, მაშინ, როდესაც აღკვეთილია მძიმე დანაშაული და არ არის ბოლომდე დასრულებული გამოძიება”.

ამავე საკითხთან დაკავშირებით ფეისბუქზე დაწერა საქართველოს პრეზიდენტმაც. მისი თქმით, გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმე პროვოკაციული ქმედებაა და მიმართულია ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ.

სუსი ადასტურებს, რომ რუსეთის მოქალაქე შეკვეთილი მკვლელობის საქმეზეა დაკავებული

მასალების გადაბეჭდვის წესი