ნეტგაზეთი | ანა დოლიძის თანამდებობრივ შეუთავსებლობაზე კითხვები ლეგიტიმურია – ჯანეზაშვილი ანა დოლიძის თანამდებობრივ შეუთავსებლობაზე კითხვები ლეგიტიმურია – ჯანეზაშვილი – Netgazeti

ანა დოლიძის თანამდებობრივ შეუთავსებლობაზე კითხვები ლეგიტიმურია – ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ ანა დოლიძის მხრიდან მოძრაობა „ხალხისთვის“ თავმჯდომარეობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელია.

“სიმართლეზე თვალს ვერავის გამო ვერ დავხუჭავ! სასამართლოს ე.წ. კლანს, სხვა მიზეზებთან ერთად, იმიტომაც ჰქვია კლანი, რომ ერთმანეთს ხელს აფარებენ და ერთმანეთის შეცდომებზე ხმას არ იღებენ. როდესაც ჩნდება კითხვები, ამაზე საუბარს არ უნდა მოვერიდოთ. თვალის დახუჭვით ე.წ. კლანს არ უნდა დავემსგავსოთ. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ანა დოლიძის შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ჩნდება აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვები”, – წერს ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს, ისევე როგორც მოსამართლეებს, აქვთ  მკაცრი შეზღუდვები, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

“ეს ძალიან ცალსახაა და სრულიად გასაგები უნდა იყოს ყველასთვის, საერთოდ არ მესმის, ამაზე რატომ გვიწევს საუბარი. ბუნებრივია ის, რომ საზოგადოების მხრიდან კითხვა ჩნდება იმ მოძრაობის პოლიტიკური საქმიანობის შესახებ, რომელიც ანა დოლიძემ სხვებთან ერთად დააფუძნა და, როგორც ლიდერი, აქტიურად არის ჩართული. ამ ორგანიზაციის პრეზენტაციამ, შემდგომმა განცხადებებმა და აქტივობებმა გააჩინა განცდა, რომ ეს მოძრაობა იმათავითვე პოლიტიკური მიზნებით ჩამოყალიბდა. მაგრამ თუ ეს არასამთავრობო ორგანიზაციაა (რაც ჩემთვის არადამაჯერებელია), მაშინ საინტერესოა, რა პროექტები აქვთ და რომელი დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ მას. თუ ასე არ არის, საინტერესოა, რომელი წყაროდან ფინანსდება ეს ორგანიზაცია”, – ამბობს ჯანეზაშვილი.

ჯანეზაშვილი ხაზს უსვამს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება არ აქვს, ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. გარდა ამისა, “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საბჭოს წევრების საქმიანობის ხელშეწყობა უშუალოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის პრეროგატივაა და არა – კერძოდ ან რომელიმე ორგანიზაციის მიერ დაქირავებული თანამშრომლის.

“ანას და მისი ორგანიზაციის საჯარო აქტივობებიდან კარგად ჩანს, რომ მის მიერ დაფუძნებულ მოძრაობას აქვს ოფისი, ჰყავს სტაფი (პრესსამსახური), ამასთან, თავად ანა, როგორც ორგანიზაციის ოფიციალური თავმჯდომარე, მენეჯმენტს უწევს მოძრაობის ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვას. ვინაიდან ის არის მოძრაობა „ხალხისთვის“ თავმჯდომარე, მე მიმაჩნია, რომ ეს შესაძლოა, შეფასებული იქნას როგორც თანამდებობრივი შეუთავსებლობა. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში (გარდა თავდაცვის ძალების რეზერვისა) ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში, ან იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი”. თანაც იმ დროს, როდესაც მისი მოძრაობის წესდებიდან ნათლად ჩანს, რომ მას, როგორც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეს, საკმაოდ კომპლექსური ვალდებულებები აკისრია აღნიშნული ორგანიზაციის მიზნებიდან გამომდინარე, საბჭოს წევრობის პარალელურად”, – ამბობს ჯანეზაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივ განცხადება გაავრცელეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდეს. განცხადების ხელმომწერები ამის მიზეზად დოლიძის მიერ რამდენიმე დღის წინ სამოქალაქო მოძრაობა “ხალხისთვის” დაფუძნებას ასახელებენ და ამბობენ, რომ საზოგადოების ნაწილში გაჩნდა მოლოდინები მის სამომავლო პარტიულ საქმიანობასა და აქტიურ პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით, რაც შეუთავსებელია მის მიერ ამჟამად დაკავებულ თანამდებობასთან.

არასამთავრობო ორგანიზაციების საპასუხოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ პოლიტიკური საქმიანობის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია და თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით კანონის შესაბამისად მოიქცევა.

ანა დოლიძემ მოძრაობა “ხალხისთვის” მიმდინარე წლის 21 მაისს დააარსა. როგორც ანა დოლიძე აცხადებს, მოძრაობა იმ მოქალაქეებს გააერთიანებს, ვინც იბრძოდნენ და დღემდე იბრძვიან სამართლიანობისა და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

ანა დოლიძემ მოძრაობა “ხალხისთვის” დააარსა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.