ახალი ამბები

დოლიძე: როგორც კი გადავწყვეტ პოლიტიკურ საქმიანობას, მივიღებ გადაწყვეტილებას იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით

15 ივნისი, 2020 • 1007
დოლიძე: როგორც კი გადავწყვეტ პოლიტიკურ საქმიანობას, მივიღებ გადაწყვეტილებას იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით

არასამთავრობო ორგანიზაციების საპასუხოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ პოლიტიკური საქმიანობის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია და თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით კანონის შესაბამისად მოიქცევა:

“გასაგებია, რომ საზოგადოებაში არის დიდი ინტერესი, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებში და არასამთავრობო ორგანიზაციებში არის დიდი ინტერესი ჩემს მომავალ გეგმებთან დაკავშირებით. როგორც მე უკვე რამდენიმე კვირაა არაერთხელ განვაცხადე მთავარი ეთერებით ამ ქვეყანაში, სანამ მე ვარ იუსტიციის საბჭოს წევრი და ვახორციელებ საზოგადოებრივ საქმიანობას, ვფიქრობ, ჩემი ხმა ამ საბჭოში ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც უკვე რამდენიმე კვირაა ვსაუბრობ, როგორც კი გადავწყვეტ, პოლიტიკურ საქმიანობას შევუდგე, ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებას თავადვე გავაგებინებ და კანონის შესაბამისად მივიღებ გადაწყვეტილებას იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით. ეს ორგანიზაციებიც მიუთითებენ, რომ ჩემი საქმიანობა საბჭოში მნიშვნელოვანია და ვაპირებ გავაგრძელო ეს მისია, სანამ მივიღებ გადაწყვეტილებას პოლიტიკური საქმიანობის შესახებ”, – ამბობს ანა დოლიძე.

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

განცხადების ხელმომწერები ამის მიზეზად დოლიძის მიერ რამდენიმე დღის წინ სამოქალაქო მოძრაობა “ხალხისთვის” დაფუძნებას ასახელებენ და ამბობენ, რომ საზოგადოების ნაწილში გაჩნდა მოლოდინები მის სამომავლო პარტიულ საქმიანობასა და აქტიურ პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით, რაც შეუთავსებელია მის მიერ ამჟამად დაკავებულ თანამდებობასთან.

NGO-ები: თუ ანა დოლიძე პოლიტიკურ საქმიანობას გეგმავს, იუსტიციის საბჭო უნდა დატოვოს

მასალების გადაბეჭდვის წესი