ახალი ამბები

როგორ აუნაზღაურებს სადაზღვევო ვარკეთილის ბაზრობის მოვაჭრეებს ზარალს

17 ივნისი, 2020 • 1200
როგორ აუნაზღაურებს სადაზღვევო ვარკეთილის ბაზრობის მოვაჭრეებს ზარალს

ვარკეთილის ბაზრობის მფლობელი კომპანიის, “ვარკეთილი 96”-ის იურისტი ნანა წულაძე აცხადებს, რომ სადაზღვევო კომპანია მოვაჭრეების ნაწილს ზარალს აუნაზღაურებს, ნაწილს კი კვადრატულ მეტზე 500 ლარს გადაუხდის.

როგორც მან ნეტგაზეთს უთხრა, ჯერჯებოთ უცნობია, როდიდან დაიწყებს “ირაო”, მოვაჭრეებისთვის თანხის გაცემას, რადგან ადგილზე ჯერ კიდევ ექსპერტები მუშაობენ. მისივე თქმით, ბაზრობის ადმინისტრაცია დაინტერესებულია, მოვაჭრეებს “ზარალი მაქსიმალურად აუნაზღაურდეთ.” ნეტგაზეთის კითხვაზე, სულ რამდენი მოვაჭრე ჰყავს დასაქმებული “ვარკეთილ 96”-ს, ადვოკატი გვეუბნება რომ ამას ზუსტად ვერ იტყვის, მაგრამ ამბობს რომ კომპენსაციის გარეშე არავინ დარჩება.

“კომპანიას მესამე პირების [სავაჭრო ობიექტების სავალდებულო დაზღვევა] დაზღვევა აქვს გაკეთებული. მოვაჭრეებს საქონელი აუნაზღაურდებათ, თუმცა იმისთვის, რომ თანხა მიიღონ, საქონლის შესყიდვის საბუთი უნდა ჰქონდეთ. იმ ადამიანებს, რომელთაც ეს საბუთი არ ექნებათ, კვ.მ-ზე 500 ლარს მიიღებენ. ბაზრობის ადმინისტრაციას თავად ბაზრის შენობა დაზღვეული არ ჰქონია. კარგად მოგეხსენებათ, რომ საქონლის შესყიდვის საბუთები ერთ ეგზემპლარად არ კეთდება და, როგორც წესი, სამი ეგზემპლარია. ამდენად, მოვაჭრეებს ამ საბუთების მოპოვების შესაძლებლობა აქვთ”,-ამბობს იურისტი.

მთავრობის მიერ 2017 წლის 28 დეკემბერს მიღებული დადგენილებით, ბაზრობების შემთხვევაში მფლობელი ვალდებულია დააზღვიოს მოვაჭრეთა სიცოცხლე და ქონება.

ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძარი 15 ივნისს, გვიან ღამით გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძარი გვიან ღამითვე ლოკალიზდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ადგილზე 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მუშაობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. საგანგებო სიატუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბაზრის ტერიტორიაზე  დაახლოებით 4000 კვ/მ ფართობზე არსებული სასაწყობე ჯიხურები დაიწვა.

დამწვარი ბაზრის მოვაჭრეები დახმარებას ითხოვენ

მასალების გადაბეჭდვის წესი