საზოგადოება

რეაბილიტაციის გამო ვარკეთილის მეტრო 2 თვით დაიკეტება – კალაძე

1 თებერვალი, 2023 • 7474
რეაბილიტაციის გამო ვარკეთილის მეტრო 2 თვით დაიკეტება – კალაძე

რეაბილიტაციის გამო ვარკეთილის მეტრო 2 თვით დაიკეტება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 1 თებერვალს განაცხადა.

კალაძის თქმით, ეს მოხდება ივნისი-აგვისტოს შუალედში და მერია ეცდება და ყველაფერს გააკეთებს, რომ მეტროსადგურის დაკეტვის პერიოდში ვარკეთილის მიმართულებაზე ავტობუსები და სამარშრუტო ხაზები დაამატოს.

სამუშაოები 9 თებერვალს დაიწყება.

„ვიწყებთ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციას. აქ თბილისის წინა მთავრობის პერიოდში გარკვეული სამუშაოები განხორციელდა, თუმცა გვახსოვს, რა სავალალო შედეგი მოჰყვა – ჭერის ჩამონგრევა. მას შემდეგ მეტროსადგურის მოწესრიგება ვერ მოხერხდა. იყო ბევრი პრობლემა კომპანიებთან, პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებით. ვიღებთ კრიტიკას, რომ ამდენი წელი მუნიციპალიტეტმა სადგურის რეაბილიტაცია ვერ დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ბადა კონსტრაქშენი“ შეასრულებს, რომელიც ასევე მეტროსადგურ „ავლაბრის“ სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 13,4 მლნ ლარს, რომელიც სადგურის ინტერიერისა და შიდა ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას მოიცავს. მათ შორის განხორციელდება არსებული აზბესტის ჭერის დემონტაჟი და ახალი ჭერის მოწყობა თანამედროვე მასალებით. კომპანია სამუშაოებს დაიწყებს 9 თებერვალს, რაც განხორციელდება ყველა დადგენილი ნორმითა და სტანდარტით. სამუშაოს შესრულების ჯამური ვადა შეადგენს 18 თვეს და მომავალი წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიამ ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაციისთვის გამარტივებული შესყიდვით ხელშეკრულება გააფორმა კომპანია „ბადა ქონსტრაქშენთან“.  „ბადა ქონსტრაქშენის“ 100%-იანი წილის მფლობელია ბაჩანა ადამია. ის „ქართული ოცნების“ შემწირველი იყო 2014 წელს. მან პარტიას 60 ათასი ლარი გადაურიცხა.

„ვარკეთილის“ რემონტი მუნიციპალიტეტს დაახლოებით 14 მილიონი ლარი დაუჯდება.

ვარკეთილის მეტროში რემონტი, წესით, უკვე დასრულებული უნდა იყოს. 2021 წლის 30 იანვარს, 10:30 საათზე, მეტროსადგურში ჭერი ჩამოიშალა, რა დროსაც 14 ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ მერიამ რემონტზე ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც „სამშენებლო კომპანია მამისონმა“ გაიმარჯვა.

2022 წლის 9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ მერიამ ამ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა. მიზეზად კი დაასახელა:

„ხელშეკრულების დადებიდან ექვსი თვის, ხოლო მშენებლობის ნებართვის გაცემიდან 98 დღის შემდეგ, კვლავ არ არის წარმოდგენილი სრულყოფილი და სამუშაოების წარმოებისთვის ვარგისი სამუშაოთა წარმოების პროექტი. დღეის მდგომარეობით გასული არის ხელშეკრულების 4.1 პუნქტით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების ვადის მესამედი ნაწილი. შესაბამისად, მოცემული გარემოებების გონივრული შეფასებით, შემსყიდველისთვის ცხადია, რომ ხელშეკრულების შესრულება ვადაში თქვენი მხრიდან ვერ მოხდება”.

ხელშეკრულების თანხა 12.76 მილიონი ლარი იყო, რომლის 30 პროცენტიც მშენებელმა კომპანიამ უკვე მიიღო.

კომპანია „მამისონთან“ მერიამ ხელშეკრულება მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის შემთხვევაშიც გაწყვიტა. მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ შესრულებულ სამუშაოებში დაფიქსირებული იყო დეფექტები, გარდა ამისა, კომპანია არ აწარმოებდა საჭირო დოკუმენტაციას.

სტატია განახლდება

ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციაში მერია დაახლოებით 14 მლნ ლარს გადაიხდის

მასალების გადაბეჭდვის წესი