ახალი ამბებისაზოგადოება

დამწვარი ბაზრის მოვაჭრეები დახმარებას ითხოვენ

16 ივნისი, 2020 • 2265
დამწვარი ბაზრის მოვაჭრეები დახმარებას ითხოვენ

ვარკეთილში, ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, ამ დრომდე პოლიცია მოვაჭრეებს მაღაზიებში არ უშვებს. ადგილზე კვლავ რჩებიან მეხანძრეები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებებიც.

დღეს დილიდან ბაზრის შესასვლელებთან მოვაჭრეები არიან შეკრებილი და შესვლას ითხოვენ, რათა გაიგონ, რეალურად რა ზარალი მიადგათ. თუმცა მათი უმეტესობა აცხადებს, რომ პირველადი ინფორმაციით, მაღაზიების დიდი ნაწილი დამწვარია.

ლევან დოიაშვილი, რომელიც ვარკეთილის ბაზარში ტყავის აქსესუარებს ყიდდა, ნეტგაზეთს ეუბნება, რომ ხანაძრის დროს მისი მაღაზიაც დაიწვა. მოვაჭრის ვარაუდით მისი ზარალი მინიმუმ 30 000 ლარი. იქნება.

“ტყავის ქამრებს, საფულეებს ვყიდდი… ძვირიანი საქონელი მქონდა, ამიტომ ზარალი, ყველაზე ცოტა, 30 ათასი მაინც იქნება.  დახმარება გვჭირდება, რომ მაღაზია თავიდან გავაკეთო და ისევ მუშაობა დავიწყო.. ბანკის ვალი მაქვს აღებული. არ ვიცი, რა იქნება. მაღაზია დაზღვეული არ მქონია, რა ვიცი, ბაზარში მაღაზიას არავინ აზღვევს. ჯერ არავინ გვეუბნება, როდის შეგვიშვებენ შიგნით… საერთოდ არაფერს არ იძახიან.”

ხანძრის დროს მაღაზია გიორგი სატურაშვილსაც დაეწვა. ისიც ამბობს, რომ საქონელი დაზღვეული არ ჰქონია, თუმცა მიყენებული ზარალის ოდენობაზე ჯერ ვერ საუბრობს, რადგან მასაც, სხვა მოვაჭრეების მსგავსად, ჯერჯერობით არ უშვებენ ბაზრის ტერიტორიაზე.

“სურათი ვნახე, სადაც ჩანს, რომ  ჩემი მაღაზია სულ დამწვარია. სათამაშოებს ვყიდდი. მამაჩემია ინდმეწარმე, მე და ჩემი ცოლიც ვეხმარებოდით. კორონავირუსის დროს ბაზარი დაკეტილი იყო. როცა გაიხსნა, ისევ აღარ შეგვიშვეს, რემონტი მიმდინარეობდა. რემონტი ჩვენი ფულით გავაკეთე. 2000 ლარზე ნაკლები არავის დაჯდომია რემონტი, რადგან მოთხოვნა იყო მეტლახზე, ჟალუზებზე და ა.შ. ანუ, გარდა დამწვარი საქონლისა, ეს თანხაც დავკარგეთ. ვითხოვთ, რომ ელემენტარულად ყურადღება მოგვაქციონ. შრომა გვინდა ისევ და გვსურს, რომ ეს ბაზრობა ისევ იყოს, რადგან ჩვენი ოჯახები ამ ბაზარზე არიან დამოკიდებული. აქციის მოწყობის არანაირი სურვილი არ მაქვს, თუმცა, თუ სხვა გზა არ გვექნება, სადაც ყველა, იქაც – მე. ამ დრომდე დახმარება არავის შემოუთავაზებია.”

ხანძრის დროს შორენა აფციაურის მაღაზიებიც დაიწვა. როგორც მან ნეტგაზეთს უთხრა, მის შემთხვევაში ზარალი დაახლოებით 15 ათასი ლარი მაინც იქნება. მოვაჭრეს ვარკეთილის ბაზრობის ტერიტორიაზე ტანსაცმლის ორი მაღაზია ჰქონდა. როგორც თავად ამბობს, ფართი დაზღვეული  არც მას ჰქონია.

“წუხელ თერთმეტი საათისთვის დაგვირეკეს, რომ ცეცხლი იყო გაჩენილი. აქ ორი მაღაზია გვქონდა. ჩვენი ხარჯებით გავაკეთეთ ყველაფერი და უკვე გვეგონა, რომ მუშაობას დავიწყდებდით, მაგრამ ეს ამბავი მოხდა. დამწვარი და დანახშრებულია ყველაფერი… ოფიციალური უწყებებიდან ჯერ არავინ მოსულა, არ კადრულობენ მოსვლას. ჩემს შემთხვევაში ზარალი 15-20 ათასი ლარი მაინც არის, რადგან სეზონურ ტანსაცმელს ვყიდდი.. მეორე სართულის შუშებიდან ჩანს, რომ დამწვარი და დანახშირებულია ყველაფერი.”

დამწვარ ბაზრობასთან სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძეც იმყოფებოდა. ნეტგაზეთის კითხვაზე, რა ფორმით დაეხმარება მერია დაზარალებულ მოვაჭრეებს, სამხარაძე ასე გვპასუხობს:

“ჯერჯერობით ზარალზე ადრეა საუბარი. როცა მფლობელები შევლენ ტერიტორიაზე და ნახავენ ვითარებას, ზარალის დათვლა ამის შემდეგ მოხდება. [დახმარებაზე] ჯერ საუბარი ნაადრევია.. ჯერ სიტუაციაში ხომ უნდა გავერკვეთ, მფლობელებსაც უნდა შევხვდეთ… ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, ქონება დაზღვეული არ ჰქონიათ.”

ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძარი გუშინ, 15 ივნისს, გვიან ღამით გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძარი გვიან ღამითვე ლოკალიზდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ადგილზე 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მუშაობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. საგანგებო სიატუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბაზრის ტერიტორიაზე  დაახლოებით 4000 კვ/მ ფართობზე არსებული სასაწყობე ჯიხურები დაიწვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი