ახალი ამბები

ტურიზმზე ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ – გახარია

16 ივნისი, 2020 • 1072
ტურიზმზე ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ – გახარია

პრემიერის, გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანამ ტურიზმის გაძლიერების მიმართულებით მუშაობა უნდა გააგრძელოს, რადგან, საბოლოო ჯამში, ეს სფერო ქვეყნის მოსახლოების დიდ ნაწილს ფარავს. ამის შესახებ გახარიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

“ჩვენ ჩვენი ეკონომიკური პრიორიტეტების დივერსიფიცირება უნდა მოვახდინოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტურიზმზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ. ტურიზმს აქვს რამდენიმე დიდი უპირატესობა, მას აქვს საკმაოდ დაბალი ბარიერები და საკმაოდ სერიოზული და სწრაფი გადაცემის ძალა, რომელიც ფარავს ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს. ამიტომ ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის და ჩვენი კულტურული ცხოვრების რაღაც ნაწილი უნდა იყოს და ჩვენ ამას ყოველთვის ყურადღება უნდა მივაქციოთ და უნდა შევინარჩუნოთ. ამაზე არც ხელის ჩაქნევა ან ყურადღების შემცირება არ შეიძლება, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩვენი ეკონომიკის სხვა სისტემური დარგები არ უნდა განვავითაროთ”, – განმარტა გახარიამ.

გახარიას თქმით, ტურიზმის მიმართულებით ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ კარგად ვითარდებოდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობამ ეკონომიკის სხვა დარგების მიმართ ყურადღება შეამცირა. თუმცა ეკონომიკის სხვა ბევრ დარგს სჭირდება უფრო მეტი მუშაობა, როგორც დროის, ასევე სტრუქტურული მიმართულებით.

“ადგილობრივი წარმოება, ინდუსტრიალიზაცია და ა.შ. საინტერესო და აუცილებელი მიმართულებებია ჩვენი ქვყენისთვის, თუმცა უნდა გვესმოდეს ერთი რამ – ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა და უბრალოდ არ უნდა ველოდდოთ ამ მიმართულებით სწრაფ შედეგებს. ამისთვის ბევრი სხვადასხვა მიზეზი არსებობს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური პოტენციალის სწრაფი ზრდის იმპულსები”, – განაცხადა გახარიამ.

გახარიას თქმით, მთავრობა ამ ეტაპზე მუშაობს ქვეყნის საშუალო და გრძელვადიანი ეკონომიკის აღდგენის სტრატეგიებზე, სადაც გამოიკვეთა, რომ ძირითადი პრობლემები სამუშაო ძალა, ცოდნა და კომპეტენციაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი