საქართველოში ქალების 63% ამბობს, რომ გენდერული თანასწორობა მიღწეული არ არის, იმავე პოზიციაზეა კაცების 54%.
კვლევაში “კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება“, ნათქვამია, რომ, მართალია, გამოკითხულთა უმეტესობა აღიარებს უთანასწორობის არსებობას, თუმცა:
„კაცების მხოლოდ დაახლოებით ნახევარი და ქალების ორი მესამედი არ ეთანხმება აზრს, რომ გენდერული თანასწორობის მიღწევის მიზნით გაწეული ძალისხმევა მხოლოდ მდიდრებისთვის არის სასარგებლო; ამდენად, გამოკითხულთა მნიშვნელოვან ნაწილს არ სჯერა, რომ გენდერულ თანასწორობას ყველასთვის აქვს მნიშვნელობა“.

ფოტო: სქრინი კვლევიდან
მიუხედავად ამისა, კვლევის ავტორები ამბობენ, რომ საქართველოში გენდერული თანასწორობის მიმართ მგრძნობელობა გაიზარდა. მაგალითად, 2013წელს, იმ მოსაზრებას, რომ საქართველოში სქესთა შორის უთანასწორობა არსებობს – ქალების 47% და კაცების 42% არ იზიარებდა.
„2013 წლიდან საგრძნობლად გაიზარდა იმ რესპონდენტების წილიც, რომლებიც არ მიიჩნევენ, რომ ქალების გაძლიერება კაცებს უფლებებს ან სამუშაო ადგილებს ართმევს. ახლა მეტი ქალი არ ეთანხმება, რომ გენდერული თანასწორობა მხოლოდ მდიდრებისთვის არის სასარგებლო (შედარებისთვის: 66 პროცენტი 2019 წელს და 58 პროცენტი 2013 წელს). თუმცა, კაცების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი პირიქით შეიცვალა (50 პროცენტი 2019 წელს, ხოლო 58 პროცენტი 2013 წელს)“, – ნათქვამია კვლევაში.
კვლევა სრულად შეგიძლია წაიკითხოთ აქ.
კვლევაში „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება“ სულ 2408 რესპონდენტი მონაწილეობდა, მათ შორის 1102 კაცია, ხოლო 1296 ქალი.
კვლევა მოიცავს რაოდენობრივ და თვისობრივ კომპონენტებს. რაოდენობრივი კვლევა ფარავს მთელ საქართველოს, ხოლო თვისობრივი კვლევა ჩატარდა ხუთ რეგიონში (თბილისში, კახეთში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიაში).
კვლევა გამოქვეყნებულია შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ მხარდაჭერით. ამ ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები არ წარმოადგენს გაეროს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ან გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) შეხედულებებს.
მომზადებულია Promundo–ს მიერ გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში.
კვლევის საველე სამუშაო შესრულდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ.
ავტორები: დებოლენა რაკშიტი და რუთი ლევტოვი, მომზადებულია იაგო კაჭკაჭიშვილის ტექნიკურ ანგარიშზე დაყრდნობით