ახალი ამბები

რა საფრთხეს ხედავენ ოპოზიციაში კობახიძის განცხადებაში

14 ივნისი, 2020 • 1133
რა საფრთხეს ხედავენ ოპოზიციაში კობახიძის განცხადებაში

“პანდემიით სპეკულაცია და მანიპულაცია” – ასე ეხმაურებიან ოპოზიციის ნაწილში საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ოქტომბრის არჩევნების შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით.

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ არჩევნების ჩატარების თარიღი საქართველოს კანონმდებლობით უკვე განსაზღვრულია, ხოლო იმაზე, რომ შემოდგომაზე ქვეყანას პანდემიის მეორე ტალღა არ დაატყდეს თავს, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს.

“ხელისუფლება მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ის სტაბილურობა, რომელიც დღეს არის პანდემიის კუთით. ამაზე უნდა მუშაობდეს ხელისუფლება და არა იმაზე თვითონ როგორც აწყობს იმის მიხედვით ჩანიშნოს არჩევნები. დღეს არსებული [ეპიდემიოლოგიური] სიტუაცია, ნამდვილად არ იძლევა იმის საბაბს, რომ ჩვენ ძალიან მძიმე მეორე ტალღას ველოდოთ, თუ ხელისუფლება თავის სიმაღლეზე იქნება. თუ ჩვენ გვექნება ნორმალური ეპდისიტუაცია, არჩევნების გადატანის საფრთხე არაა, თუ ეს ხელისუფლების ინტერესში არ შედის”, – აცხადებს უდუმაშვილი ტვ პირველის გადაცემა “დღის ამბებში”.

მისივე თქმით, თუ “ქართული ოცნება” იმას ფიქრობს, რომ არჩევნებს 2 თვით გადადებს და ამ პერიოდში პოზიტივს ჩაიწერეს [აქტივში], “ეს ნამდვილად არ იქნება ასე”. მისი თქმით, კორონავირუსის “პანდემია გადავაგორეთ, მაგრამ უფრო მძიმეა პანდემიაა “ქართული ოცნება”, რომლის მმართველობაც უნდა დასრულდეს და “ქვეყანა გადავიდეს განვითარების გზაზე”.

ბადრი ჯაფარიძე “ლელოდან” ფიქრობს, რომ დღეს არჩევნების გადადებაზე საუბრით ხელისუფლებას საზოგადოებაში შიშის დანერგვა და ყურადღების გადატანა სურს საარჩევნო პროცესიდან. მისი თქმით, თუ მეორე ტალღის საშიშროება დადგება, რისი საფუძველიც ჯერ არ ჩანს, “ეს უნდა გავითვალისწინოთ”.

“მაგრამ ახლა ამაზე საუბარი ხელისუფლების მხრიდან არის მხოლოდ მცდელობა, მოსახლეობაში გააჩინოს შიში, რომ კიდევ ერთი ტალღაა მოსალონდელი რათა ადამიანების ყურადღება სხვა მიმართლებით გადაიტანონ, შექმნან შიშის გარემო იმისთვის, რომ ადამიანებს არ მიეცეთ საშუალება გაანალიზონ პარტიების შეთავაზებული პროგრამები”, – ამბობს ჯაფარიძე.

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის, გიორგი კანდელაკის თქმით კი,”ყოველგვარ სპეკულაციას არჩევნების გადადების შესახებ ობიექტური საფუძველი არ გააჩნია”.  მისი თქმით, არჩევნები ოქტომბერში უნდა გაიმართოს, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი ნებისმიერ პერიოდში ჩატარებულ არჩევნებში დამარცხდება.

რ2-ის ცნობით, გიორგი ვაშაძემ, “ახალი საქართველოდან” განაცხადა, რომ “ჯანმრთელობით როდესაც სპეკულირებს პოლიტიკური ძალა, ეს არის ბინძური პოლიტიკური თამაში”.

“დღევანდელი მდგომარეობით არჩევნებს ოქტომბრის ბოლოს არანაირი პრობლემა არ ექნება. გახარია ახლა იძახის, რომ ყველგან უნდა გვქონდეს მასობრივი ტესტირების მექანიზმი, მე როგორც ვხედავ სპეციალურად აჭიანურებენ ამ პროცესს, რომ მათ ჰქონდეთ გეგმა B. თუ ოქტომბრის ბოლოს მათ ექნებათ მძიმე რეიტინგები, ისინი შეეცდებიან გადაიტანონ. ეს არის ცეცხლთან თამაში,” – აღნიშნა “ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ რ2-ის თანახმად.


„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, შესაძლოა, დეკემბერში ჩატარდეს, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ეს ასე არ მოხდება.

როგორც პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა განაცხადა, კონსტიტუციის თანახმად, არჩევნები უნდა გაიმართოს 2020 წლის 31 ოქტომბერს, მეორე ტური – სამ კვირაში, რაც უწევს დაახლოებით 21 ნოემბერს.

თუმცა „იმედის“ ეთერში 13 ივნისს კობახიძემ განაცხადა, რომ „თუ ეპიდემიის მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე 31 ოქტომბრამდე პერიოდს, მაშინ არჩევნები ჩატარდება დეკემბერში“.

„თუ 21 ნოემბრამდე არ იქნება მეორე ტალღა, ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად ტარდება არჩევნები, მაგრამ თუ 31 ოქტომბრამდე მოუწია მეორე ტალღა, (საუბარია კონსტიტუციურ მოცემულობაზე) სასწორზე დგას ორი რამ – ერთი არის ეპიდემიირ გავრცელება. ასევე, საუბარია იმაზე, რომ მეორე ტალღა შეიძლება, უფრო მძიმეც იყოს, ვიდრე პირველი, ბუნებრივია, არჩევნები შეიძლება გახდეს ეპიდემიის გავრცელების წყარო“.

„მეორე არის – არჩევნების თარიღი. ამ შემთხვევაში პასუხს იძლევა კონსტიტუცია – პასუხი არის შემდეგი – თუ აუციელებელი იქნება პირობითად ოქტომბერში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ეპიდემიის სამართავად, ამ შემთხვევაში ცხადდება საგანგებო მდგომარეობა, გაუქმდება რაღაც პერიოდში და აქედან 45-დან 60 დღემდე ვადაში ტარდება უკვე არჩევნები. ეს შეიძლება იყოს, დეკემბერი, შეიძლება იყოს იანვარი, მე ვსაუბრობ კონსტიტუციიდან გამომდინარე, თუმცა კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ ეს არ მოხდება“, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი