ახალი ამბები

გუბაზ სანიკიძე აშშ-ის საელჩოს ბოდიშს უხდის

11 ივნისი, 2020 • 2319
გუბაზ სანიკიძე აშშ-ის საელჩოს ბოდიშს უხდის

გუბაზ სანიკიძე აშშ-ის საელჩოს და ელჩ კელი დეგნანს ბოდიშს უხდის მის მიერ გამოთქმული მოსაზრების გამო, რომ ამერიკის საელჩო საქართველოში ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს უსმენს.

როგორც გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, მან “არასწორად ჩამოაყალიბა” მოსაზრება.

“არასწორად ჩამოვაყალიბე ჩემი მოსაზრება ამერიკის საელჩოსთან დაკავშირებით. ჩემი ბრალია ეს. არასწორი მოსაზრება გამოვთქვი, ამიტომ მინდა ბოდიში მოვუხადო ოფიციალურად ამერიკის საელჩოს, ქალბატონ ელჩს, და დავადასტურო ჩემი უღრმესი პატივისცემა თვითონ შეერთებული შტატების მიმართ, საქართველოში საელჩოს უკიდურესად პოზიტიური როლის მიმართ, რომელიც აგერ 30 წელია უკვე, ფაქტობრივად, იცავს ქართულ სახელმწიფოებრიობას. მზად ვარ, დიდი სიამოვნებით, თუ სურვილი ექნებათ, საელჩოს წარმომადგენელებს შევხვდე და ჩემი ახსნა-განმარტება გავაკეთო”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ “მთავარი არხის” ეთერში.

10 ივნისს, “ტვ პირველის” ეთერში 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ მისი აზრით, აშშ-ის საელჩო ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს უსმენს.

“ზუსტად 13 წუთით ადრე გამოვიდა ბახტაძე და თქვა, რომ ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვართ და ჩვენ არ ვესვრით… ზუსტად 13 წუთში სროლა დაიწყო. მე ჩემი ვერსია მაქვს, რომელსაც არავის ვახვევ თავს, რომ ეს 13 წუთი ზუსტად ის დროა, რამდენიც დასჭირდა ანზორ ჩუბინიძეს, რომ ჩამოსულიყო ბიძინას რეზიდენციიდან, იმიტომ, რომ ბიძინა ტელეფონით არ გასცემდა ამ ბრძანებას, გამორიცხულია, რადგან დარწმუნებული ვარ, ამერიკის საელჩო მის საუბრებს ისმენს. ეს კანონიერია თუ უკანონოა, არ ვიცი, მაგრამ ისმენს, მუშაობენ… ის არ დატოვებდა ფაქტს სატელეფონო საუბარში, რომ ესროლეთო. გამოუშვა ანზორ ჩუბინიძე და ანზორ ჩუბინიძემ გასცა [ბრძანება]. ვიცი მაღალჩინოსნები, რომლებიც ამბობენ, რომ გახარია ტელეფონში კიოდა, ვინ გასცა ბრძანებაო”, – თქვა სანიკიძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ბრალდებას აბსურდული უწოდა.

“ეს აბსურდია. მე დავინტერესდები, რა საფუძველზე აყენებს ვინმე ასეთ ბრალდებას, რომელიც აშკარად მცდარია”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

დეგნანი აბსურდს უწოდებს სანიკიძის მოსაზრებას, რომ აშშ-ის საელჩო ივანიშვილს უსმენს

მასალების გადაბეჭდვის წესი