ახალი ამბები

შეგვიძლია დღეში დაახლოებით 500-დან 1000-მდე ტესტირება ჩავუტაროთ იქიდან აღებულ ნიმუშებს — გამყრელიძე სომხეთის დახმარებაზე

11 ივნისი, 2020 • 1026
შეგვიძლია დღეში დაახლოებით 500-დან 1000-მდე ტესტირება ჩავუტაროთ იქიდან აღებულ ნიმუშებს — გამყრელიძე სომხეთის დახმარებაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს საღამოს საქართველოსა და სომხეთის ჯანდაცვის მინისტრებს შორის შედგება სატელოფონო საუბარი, რომლის ფარგლებშიც დადგინდება, რანაირად შეიძლება დაეხმაროს საქართველო სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში. გამყრელიძემ ამის შესახებ 11 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინზე ისაუბრა.

„მე როგორც ვიცი, დღეს საღამოს შედგება სატელოფონო საუბარი საქართველოსა და სომხეთის ჯანდაცვის მინისტრებს შორის და დაზუსტდება, რა მოთხოვნაა სომხეთიდან, რითი შეგვიძლია დავეხმაროთ. ის, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრს შეეხება, იცით, რომ შეთავაზება გავაკეთეთ, შეგვიძლია დღეში დაახლოებით 500-დან 1000-მდე ტესტირება ჩავუტაროთ იქიდან აღებულ ნიმუშებს, ან გარკვეული რაოდენობა ტესტ-სისტემები საჩუქრად გადავცეთ სომხეთს“, — აღნიშნა მან.

იქამდე, ცნობილი გახდა, რომ საქართველო გეგმავდა, სომხეთს სამედიცინო პერსონალით დახმარებოდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა — „ურთიერთთანადგომა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ჯანდაცვის სამინისტროს უკვე აქვს დავალება მიღებული, მოამზადოს ის დახმარება, რომელიც საქართველოს შეუძლია გაუწიოს მეზობელ სომხეთს. ეს, პირველ რიგში, როგორც ჩანს, იქნება სამედიცინო პერსონალით დახმარება. ასეთი თხოვნა გამოიკვეთა ჩვენი მეზობლების მხრიდან“, — დასძინა მან.


  • 10 ივნისის მონაცემებით, სომხეთში, ჯამში, გამოვლინდა კორონავირუსის 14 103 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 226 ადამიანი, ხოლო 227 გარდაიცვალა.
  • ასევე 10 ივნისს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ეპიდემიის სტაბილიზაციის ნიშნები ჩანს.
  • გარდა ამისა, 9 ივნისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში მცხოვრებმა სომხეთის სათვისტომომ სომხეთში 27 სავენტილაციო აპარატი გაგზავნა.
  • აგრეთვე, 6 ივნისს ფაშინანმა აღნიშნა, რომ სომხეთში რეანიმაციაში ადგილების არქონის გამო ორი ადამიანი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი