ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ეპიდემიის სტაბილიზაციის ნიშნები ჩანს – ფაშინიანი

10 ივნისი, 2020 • 929
ეპიდემიის სტაბილიზაციის ნიშნები ჩანს – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ Covid-19-ის პანდემიის სტაბილიზაციის ნიშნები გამოჩნდა.

„დაზუსტებით ვერ ვიტყვით, რომ სიტუაცია დასტაბილურდა, თუმცა სტაბილიზაციის ნიშნები ჩანს“, – განაცხადა პრემიერმა.

ფაშინიანის თანახმადვე, სომხეთის ჯანდაცვის სისტემა მაინც ახერხებს სიტუაციასთან გამკლავებას.

„ვხედავთ, რომ ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონე პაციენტთა რაოდენობა იკლებს. თუ ეს ასე შენარჩუნდება, შევძლებთ, რომ ყველა წინაღობა გადავლახოთ, რაც ჰოსპიტალიზაციას უკავშირდება, და გადავალთ ვირუსის დამარცხების ახალ ეტაპზე და ინფიცირებულთა [ახალი] რაოდენობის ნულამდე დაყვანას მოვახერხებთ“, – თქვა მან.

რამდენიემ დღით ადრე, 6 ივნისს, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვის ფონზე, 200 ინფიცირებული ადამიანი ელოდა ჰოსპიტალიზაციის რიგს და 2 ადამიანი დაიღუპა იმის გამო, რომ კლინიკაში ვერ მოათავსეს.

პრემიერ-მინისტრმა 10 ივნისს ასევე ხაზი გაუსვა მოქალაქეების მიერ ჯანდაცვის სამინისტროსა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების დაცვის საჭიროებას.

მისი თქმით, მთავარი გამოწვევა დაკრძალვებთან და ქორწილებთან დაკავშირებული ცერემონიებია.

სომხეთში ბოლო მონაცემებით 14103 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 5226 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 227 კი გარდაიცვალა.

მასალა მომზადებულია სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს ინგლისურენოვან თარგმანზე დაყრდნობით.

გარეკანის ფოტო: Photolur

მასალების გადაბეჭდვის წესი