ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხურმა სათვისტომომ საქართველოდან სომხეთში 27 სავენტილაციო აპარატი გაგზავნა

9 ივნისი, 2020 • 1420
სომხურმა სათვისტომომ საქართველოდან სომხეთში 27 სავენტილაციო აპარატი გაგზავნა

სომხეთში შექმნილი რთული ეპიდემიური ვითარების ფონზე, საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა სომხეთის მთავრობას ხელოვნური ვენტილაციის 27 აპარატი გაუგზავნეს.

ეს ცნობა 8 ივნისს, გვიან ღამით გაავრცელა სომხეთის საელჩომ საქართველოში, რომელმაც აპარატების სომხური მხარისთვის გადაცემა უზრუნველყო.

ქართულ-სომხურმა მედიაგამოცემა „ალიქ მედიამ“ 6 ივნისს დაწერა, რომ გამოცემის დირექტორმა სომხეთის დასახმარებლად  „პაველ ოგანეზოვმა, უცხოელი მეგობრის დახმარებით, 10 სავენტილაციო აპარატი შეისყიდა“;

ამის შემდეგ, „ეხო კავკაზას“ ცნობით, საქართველოში მცხოვრებმა სხვა ეთნიკურმა სომხებმა, მათ შორის ბიზნესმენებმა, გამოთქვეს მზაობა დახმარებაზე.

„ეხო კავკაზას“ ინფორმაციითვე, დაიწყო კამპანია, სახელწოდებით „ერთი ნიღაბი, ერთი სიცოცხლე“, რომლის ფარგლებში მოგროვებული თანხათაც ორგანიზატორები აპირებენ, შეისყიდონ პირბადეები და სომხეთში გაგზავნონ.

სომხეთში Covid-19-ის გამო მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა: ქვეყანაში, სადაც 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯამური რიცხვი, ბოლო მონაცემებით, 13675-ია; ერთ მილიონ მოსახლეზე ინფიცირების შემთხვევების გაანგარიშებით, სომხეთი მე-19 ადგილზეა; მან რამდენიმე დღის წინ გაუსწრო შვედეთს, დიდ ბრიტანეთს, იტალიას და ა.შ.. სომხეთში უკვე ვეღარ ახერხებენ, კლინიკებში უმკურნალონ იმ პაციენტებს, რომლებსაც Covid-19-ზე მკურნალობა ესაჭიროებათ.


ივნისის დასაწყისში სომხეთში დამძიმებული ვითარების ფონზე, ფეისბუკზე საქართველოს არაერთმა მოქალაქე დაწერა, რომ ემხრობიან ინიციატივას, საქართველო როგორმე დაეხმაროს მეზობელ სომხეთს. მთავრობის მიმართ ამ მოწოდებით პეტიციაც გავრცელდა.

ამის შემდეგ, 4 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, სომხეთში COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო, „სოლიდარობა გამოუცხადა სომხურ მხარეს და საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გამოთქვა დახმარების აღმოჩენის მზაობა“.

“დავეხმაროთ სომხეთს” – საქართველოს მთავრობის მისამართით პეტიცია შეიქმნა

მასალების გადაბეჭდვის წესი