ახალი ამბები

გამოკითხულთა 71% ამბობს, რომ ხელისუფლება მედიის საქმიანობაში ერევა – TI-ს კვლევა

11 ივნისი, 2020 • 1283
გამოკითხულთა 71% ამბობს, რომ ხელისუფლება მედიის საქმიანობაში ერევა – TI-ს კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 71% აცხადებს, რომ ხელისუფლება ხანდახან (45%) ან ყოველთვის (26%) ერევა მედიის საქმიანობაში.

კითხვაზე, რამდენად ერევა ხელისუფლება მედიის საქმიანობაში იმისთვის, რომ მოვლენები მისთვის მისაღები ფორმით გაშუქდეს, რესპონდენტების პასუხი შემდეგნაირად გადანაწილდა:

ფოტო: TI-ს კვლევა

ამასთანავე, კვლევის მონაწილეთა 50% ფიქრობს, რომ ხელისუფლების მიერ იმ მედიის წარმომადგენლების შევიწროება, რომლებიც  ხელისუფლებას აკრიტიკებენ, უფრო (39%) ან ძალიან გავრცელებულია (11%).

რაც შეეხება ე.წ. ფეიკ ნიუსებს, გამოკითხულთა 53% ამბობს, რომ სმენია ფეისბუკში ყალბი ინფორმაციიის გავრცელების მიზნით შექმნილი გვერდების არსებობის შესახებ. 2019 წელთან შედარებით, ეს მონაცემი 17%-ითაა გაზრდილი.

ფოტო: TI-ს კვლევა

გასული წლის დეკემბერში „ფეისბუკმა“ საქართველოში, „კოორდინებული არაავთენტური ქცევის“ გამო, ასობით გვერდი წაშალა. კვლევაში წერია, რომ იმ 53%-დან, რომელსაც „ფეისბუკის“ ყალბი გვერდების შესახებ სმენია, 70% ამ ფაქტის შესახებაც ინფორმირებულია, თუმცა 46%-მა არ იცის, ვინ დგას ამ გვერდების უკან.

14% ამბობს, რომ ამ გვერდების მიღმა მთავრობა დგას, 15% მიიჩნევს, რომ ოპოზიცია, ხოლო 18% ფიქრობს, რომ ორივე.


კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“  დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1763 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება 2.2%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი