პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, “ვისაც საქმის კეთების სურვილი აქვს, ამას ყოველთვის შეძლებს”.
ამის შესახებ გახარიამ ნიქოზში, გიორგი მჭედლიძის ფერმაში შიდა ქართლის რეგიონის ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
“სანამ საქმეზე გადავალთ, მარტივი რამე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი, რა შეუძლია შრომას და როგორ შეიძლება ქვეყანას ემსახურო, განსაკუთრებით აქ. არ არის ეს მაღალფარდოვანი სიტყვები. ბოლო ერთი-ორი დღის განმავლობაში ჯანიანი ბიჭების იმდენი წუწუნი მესმის ქალაქში, რომ ტურისტი აღარ არის და რა გვეშველება, მთავრობა, რას შვები, მოგვეხმარეთ… რეალურად ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ადამიანი, მამაკაცი, კაცი, ახალგაზრდა, ჯანით და ენერგიით სავსე, ამ ქვეყანაში ყოველთვის შეძლებს საქმე გააკეთოს ისე, როგორც აკეთებს გიორგი [მჭედლიძე], თუ აქვს შესაბამისი სურვილი, სამართლიანობა, ღირსება”, – განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, მიუხედავად იმ რთული პორობებისა, რა პირობებშიც ახლა ქვეყანას უწევს ცხოვრება, “საქმის კეთება ვისაც უნდა, ყოველთვის შეძლებს საქმე აკეთოს ყველანაირი წუწუნის და ვიღაცებზე გადაბრალების გარეშე”.