ახალი ამბები

TV პირველის დატოვებას რამდენიმე ჟურნალისტი აპირებს

11 ივნისი, 2020 • 3308
TV პირველის დატოვებას რამდენიმე ჟურნალისტი აპირებს

ნინო ჟიჟილაშვილი, ვახო სანაია და დიანა ტრაპაიძე ტელეკომპანია ტვ პირველის დატოვებას აპირებენ. ნეტგაზეთს ეს ინფორმაცია რამდენიმე სხვადასხვა ინფორმირებული წყაროსგან აქვს. სავარაუდოდ, ასეთივე გადაწყვეტილებას მიიღებს არხის კიდევ რამდენიმე თანამშრომელი.

ვახო სანაია და ნინო ჟიჟილაშვილი ამ საკითხზე კომენტარისაგან თავს იკავებენ. დიანა ტრაპაიძემ კი მოგვწერა, რომ ჯერ TV პირველზეა, “როდესაც რაიმე შეიცვლება, აუცილებლად გაგვაგებინებს”. მან არ დაადასტურა მედიის ნაწილის მიერ გავრცელებული ცნობა, რომ იგი “ფორმულაზე” გადადის.

აღნიშნულ საკითხზე ნეტგაზეთი ცდილობს არხის დირექტორთან, ვატო წერეთელთან დაკავაშირებას, თუმცა ის ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.


21 აპრილს ტელეკომპანია “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე ტვ “პირველის” მთავარ პროდიუსერად დაინიშნა. ამის შემდეგ, მთავარი არხიდან ტვ “პირველზე” კიდევ ექვსი ჟურნალისტი გადავიდა.

პირველ მაისს ცნობილი გახდა, რომ ნინო ჟიჟილაშვილი “ტვ პირველის” საინფორმაციოს აღარ უღელმძღვანელებდა. წასვლის მიზეზები ჟიჟილაშვილმა ასე განმარტა: “საინფორმაციო სამსახურის განვითარების მიმართულებით არხის ხელმძღვანელობისა და ჩემი ხედვები ამ ეტაპზე არ დაემთხვა ერთმანეთს. კონკრეტულ საკითხებზე ვერ შევთანხმდით”.

პირველ მაისს გრიგოლიამ ”ნეტგაზეთს” ეუბნებოდა, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი ნინო ჟიჟილაშვილის ახალი გადაცემა და ტელეკომპანიაში მიმდინარე ცვლილებების პროცესი იყო: “ნინო იწყებს ახალ გადაცემას. იქნება ძალიან დიდი თოქ-შოუ, კორონავირუსი გადაივლის და უკვე წინასაარჩევნო პერიოდში შევდივართ და ჩვენც ახალი გამოწვევებისთვის ვემზადებით. ნინო იქნება ორშაბათს, ოთხშაბათს და პარაკევს დიდი გადაცემით და მე ჩავანაცვლებ მას საინფორმაციოს ხელმძღვანელის პოზიციაზე”.

6 ივნისს “ტვ პირველის” ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა და ამის მიზეზად პროფესიული და ოჯახური ინტერესების “შეჯახება” დაასახელა. მას არ დაუკონკრეტებია დეტალები. ის ამბობს, რომ არხზე რჩება და საკუთარ გადაცემას გააგრძელებს.

6 ივნისს არხის დამფუძნებელმა ვახტანგ წერეთელმა გრიგოლიას განცხადების შემდეგ თქვა, რომ ტელევიზიის გენერალური დირექტორი კვლავ თავად იქნება. ამ დრომდე უცნობია ვინ გახდა ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი