ახალი ამბები

“დამოუკიდებელი დეპუტატების” ნაწილი ახალ პარტიას ქმნის

7 ივნისი, 2020 • 2351
“დამოუკიდებელი დეპუტატების” ნაწილი ახალ პარტიას ქმნის

“ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” ასე ჰქვია პარტიას, რომელიც პრეზიდენტაციაც დღეს, 7 ივნისს გაიმართა და რომელიც ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” ნაწილმა დააფუძნა. პარტიის წევრები არიან ბექა ნაცვლიშვილი, მარიამ ჯაში, გედევან ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და ლევან გოგიჩაიშვილი. ახალ პარტიაში ფრაქციის ორი წევრი ლევან კობერიძე და კობა ნარჩემაშვილი არ იქნებიან. ახლადშექმნილ პარტიას ბექა ნაცვლიშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო გენერალური მდივნის პოსტს მარიამ ჯაში დაიკავებს.

ჯაში აცხადებს, რომ ახლადდაფუძნებული პარტია ოპოზიციური პარტიების მოლაპარაკებებში, რისი მიზანიც საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმებაა, არ მიიღებს.

“ლეიბორისტული პარტიის ოფიში მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩვენს მონაწილეობას გამოვრიცხავთ. რაც შეეხება მაჟორიტარების კანდიდატურას, ნამდვილად ეს შედის პირადად ჩემს გეგმებში, მაგრამ ჩვენ ვქმნით პოლიტიკურ გუნდს, რომელიც იქნება არა ერთი კონკრეტული ლიდერის, არამედ ლიდერთა გუნდის ერთიანობა. ჩვენი ხედვა იქნება პოზიტიური დღის წესრიგის, ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება ქვეყანაში. ვფიქრობთ, რომ 30 წლიანი პოლიტიკური ისტორია, რომელიც სავსეა ურთიერთდაპირისპირებებით და უშინაარსო პოლიტიკით, უნდა დასრულდეს,”-ამბობს ჯაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი