ახალი ამბები

ვინ იქნება “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსი

7 ივნისი, 2020 • 2240
ვინ იქნება “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსი

ვინ უხელმძღვანელებს ტვ “პირველის” საინფორმაციო სამსახურს მას შემდეგ, რაც ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ ტოვებს ტვ “პირველის” დირექტორის პოსტს?


გრიგოლიამ 6 ივნისს განაცხადა, რომ თანამდებობა დატოვა და ამის მიზეზად პროფესიული და ოჯახური ინტერესების “შეჯახება” დაასახელა.  მან განაცხადა, რომ არხზე რჩება და  საკუთარ გადაცემას გააგრძელებს, ამავე დროს იქნება ანა ახალაიასა და რუსუდან დუმბაძის გადაცემების პროდუსერიც.   გრიგოლიას არ უხსენებია საინფორმაციო სამსახური, არადა ოფიციალურად  ის ამ პოსტსაც იკავებდა ნინო ჟიჟილაშვილის შემდეგ.

როგორც ნეტგაზეთს წერეთელმა უთხრა მისთვის გრიგოლიას გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, შესაბამისად, საინფორმაციო სამსახურის უფროსი შერჩეული ჯერ არ ჰყავს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ახალი ამბები პროდუსერების გუნდმაც მოამზადოს.

“მოულოდნელი იყო ინგას გადაწყვეტილება, ამიტომ არ მყავს კანდიდატურა შერჩეული. მოგვიანებით ჩამოვყალიბდები. არხზე პროდუსერების ძალიან კარგი გუნდი მუშაობს და არ ვჩქარობ [გადაწყვეტილების მიღებას]. არ გამოვრიცხავ მომავალში საინფორმაციო პროდუსერების გუნდმა მოამზადოს,”-წერილობით უპასუხა წერეთელმა ნეტგაზეთს.

ვახტანგ წერეთელმა 6 ივნისს განაცხადა, რომ ის თავად დაიკებს გენერლაური დირექტორის თანამდობაბს გრიგოლიას შემდეგ.

“ტვ პირველის” მთავარი პროდუსერი ნოდარ მელაძე “ნეტგაზეთს” ეუბნება რომ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსთან დაკავშირებით გადაწყვეტლებას უკვე ახალი დირექტორი ვატო წერეთელი მიიღებს. ასე უპასუხა მელაძემ კითხვას გააგრძელებს თუ არა ინგა გრიგოლია საინფორმაციო სამსახურის უფროსად მუშაობას, თუ არხის საინფორმაციოს ახალი უფროსი ეყოლება.

“დირექტორი გადაალაგებს უკვე ყველაფერს. ვატომ [წერეთელმა] შეცვალა ინგა გრიგოლია, შესაბამისად, უკვე ვატოს გადასალაგებელი იქნება ყველაფერი. მე არხის მთავარი პროდუსერი ვიყავი და ამასთან საინფორმაციო სამსახურის მთავარი პროდუსერიც. ანუ ინგას მეთვალყურეიბის ქვეშ ვაკეთებდი ნიუსს. ახლა ზემდგომი ვინ იქნება ამას უკვე დირექტორი გადაწყვეტს,”-ამბობს მელაძე.

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, დატოვა თუ არა  გრიგოლიამ საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტიც, მელაძე გვპასუხობს რომ გრიგოლიას 6 ივნისის Facebook პოსტით უნდა ვიხელმძღვანელოთ.

მოვლენების ქრონოლოგია ტვ “პირველზე” მოკლედ:

  • 6 ივნისს “ტვ პირველის” გენერალურმა დირექტორმა ინგა გრიგოლიამ  განაცხადა, რომ თანამდებობა დატოვა და ამის მიზეზად პროფესიული და ოჯახური ინტერესების “შეჯახება” დაასახელა. მას არ დაუკონკრეტებია დეტალები. ის ამბობს, რომ არხზე რჩება და საკუთარ გადაცემას გააგრძელებს.
  • 6 ივნისს არხის დამფუძნებელმა ვახტანგ წერეთელმა გრიგოლიას განცხადების შემდეგ თქვა, რომ ტელევიზიის გენერალური დირექტორი კვლავ თავად იქნება.
  • პირველ მაისს ცნობილი გახდა, რომ ნინო ჟიჟილაშვილი “ტვ პირველის” საინფორმაციოს აღარ უღელმძღვანელებდა. წასვლის მიზეზები ჟიჟილაშვილმა ასე განმარტა: “საინფორმაციო სამსახურის განვითარების მიმართულებით არხის ხელმძღვანელობისა და ჩემი ხედვები ამ ეტაპზე არ დაემთხვა ერთმანეთს. კონკრეტულ საკითხებზე ვერ შევთანხმდით”.
  • პირველ მაისს გრიგოლიამ  ” ნეტგაზეთს”  ეუბნებოდა რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი ნინო ჟიჟილაშვილის ახალი გადაცემა და ტელეკომპანიაში მიმდინარე ცვლილებების პროცესი იყო: “ნინო იწყებს ახალ გადაცემას. იქნება ძალიან დიდი თოქ-შოუ, კორონავირუსი გადაივლის და უკვე წინასაარჩევნო პერიოდში შევდივართ და ჩვენც ახალი გამოწვევებისთვის ვემზადებით. ნინო იქნება ორშაბათს, ოთხშაბათს და პარაკევს დიდი გადაცემით და მე ჩავანაცვლებ მას საინფორმაციოს ხელმძღვანელის პოზიციაზე”.
  • 21 აპრილს ტელეკომპანია “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ტვ “პირველის” მთავარ პროდიუსერად დაინიშნა.  ამის შემდეგ, მთავარი არხიდან ტვ “პირველზე” კიდევ ექვსი ჟურნალისტი  გადავიდა.

შენიშვნა: სტატიაში თავდაპირველად ეწერა რომ ვახტანგ წერეთელთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ, თუმცა გამოქვეყნებიდან მალე მან ჩვენს კითხვას წერილობით უპასუხა. აქედან გამომდინარე, მასალა განახლდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი