ახალი ამბები

ვაშაძის თქმით, ოპოზიცია ვაკეში მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატად მას განიხილავს

6 ივნისი, 2020 • 1340
ვაშაძის თქმით, ოპოზიცია ვაკეში მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატად მას განიხილავს

„ახალი საქართველოს” ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია ვაკის მაჟორიტარულ ოლქში განიხილავს მისი კანდიდატურის დაყენებას. 

ეს განცხადება მან თავდაპირველად “ინტერპრესნიუსთან” გააკეთა, შემდეგ კი “ნეტგაზეთსაც” დაუდასტურა.  

“ნეტგაზეთმა” მას ჰკითხა, თუ რომელი პარტიები იხილავენ მის კანდიდატურას, რაზედაც ვაშაძემ გვიპასუხა, რომ ზოგადად, ოპოზიცია, რომელიც საერთო კანდიდატზე უნდა შეთანხმდეს. 

კითხვაზე, თუ რა არის ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ოპოზიციამ კანდიდატი უნდა შეარჩიოს, ვაშაძე პასუხობს, რომ მთავარი კრიტერიუმი იქნება, თუ  ვის ექნება მეტი ნდობა  და მხარდაჭერა – მისი აზრით, ამას ზომავს სხვადასხვა კვლევა. 

“ ეს [მაჟორიტარობის კანდიდატობა] ყველაზე დიდი ტვირთია და ვერ ვიტყვი, რომ მინდა –  რაც საქმეს ჭირდება, ის უნდა იყოს.  ელენე [ხოშტარია] ასევე ძალიან კარგი კანდიდატურაა”, – თქვა მან. 

“ევროპული საქართველოს” წევრ ელენე ხოშტარიას შესაძლო კანდიდატობაზე ვაშაძეს “ნეტგაზეთმა” ენმ-ს წევრ ხატია დეკანოიძის განცხადების შემდეგ ჰკითხა. 

დეკანოიძემ 6 ივნისს, ტვ პირველთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი პირადი აზრით, ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატად ოპოზიციისთვის კარგი კანდიდატურა ელენე ხოშტარიაა – ერთ-ერთ მიზეზად დეკანოიძემ ის თქვა, რომ ხოშტარია ქალია და ეს ქალთა გაძლიერებას შეუწყობს ხელს პარლამენტში. 

ვაშაძის თქმით,  ოპოზიცია “ყველა კანდიდატურას იხილავს”. მისივე თქმით, ოპოზიცია კანდიდატებზე 20 ივნისამდე უნდა შეჯერდეს. 


2020 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატებზე მსჯელობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი