ახალი ამბები

ლავასოღლის მხარდამჭერები სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა

6 ივნისი, 2020 •
ლავასოღლის მხარდამჭერები სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა

ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია გორაძის [ზედმეტსახელად ლავასოღლის] მხარდამჭერები, რომლებიც ბათუმში  5 ივნისის აქციაზე დააკავეს, სასამართლომ ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლო დაკავებულებზე დღეს, 6 ივნისს იმსჯელა. დაკავებული 9 პირიდან სასამართლომ 8 პირს 1000-1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ერთ პირს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

აღნიშნულმა პირებმა დაკავების დღეს ახალსოფელთან, ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის ბლოკირება სცადეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით იყვნენ დაკავებული.

ლავასოღლის ახლობლები საპროტესტო აქციებს ბათუმში პირველი ივნისიდან მართავენ.  მინდია ლავასოღლის ქურდული სამყაროს წევრობის მუხლით 2018 წელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენის გამოტანის დროისთვის იგი საქართველოში არ იმყოფებოდა.

ლავასოღლი ამ დროისთვის თურქეთის ციხეში იმყოფება. მისი ოჯახის წევრები მის საქართველოში გადმოყვანას მოითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი