ახალი ამბები

მიმდინარეობს ლავასოღლის საექსტრადიციო პროცედურები – პროკურატურა

8 ივნისი, 2020 • 1468
მიმდინარეობს ლავასოღლის საექსტრადიციო პროცედურები – პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარმომადგენლები ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებულ მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრს და უფლებადამცველს დღეს, 8 ივნისს, საექსტრადაციო პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებს გააცნობენ.

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები განიხილავენ ძებნილი მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადიციას.

“მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები. რადგან გამოითქვა მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრების მხრიდან აღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებით შეხვედრის სურვილი, 8 ივნისს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარმომადგენლები გააცნობენ მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრს და უფლებადამცველს საექსტრადაციო პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებს”, – განუცხადეს “ნეტგაზეთს” პროკურატურაში.

ლავასოღლის ახლობლები საპროტესტო აქციებს ბათუმში პირველი ივნისიდან მართავენ.  მინდია ლავასოღლის ქურდული სამყაროს წევრობის მუხლით 2018 წელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენის გამოტანის დროისთვის იგი საქართველოში არ იმყოფებოდა.

ლავასოღლი ამ დროისთვის თურქეთის ციხეში იმყოფება. მისი ოჯახის წევრები მის საქართველოში გადმოყვანას მოითხოვენ.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/281812/

მასალების გადაბეჭდვის წესი