ახალი ამბები

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის თქმით, სუს-ში დაბარებული არ ყოფილა

4 ივნისი, 2020 • 1358
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის თქმით, სუს-ში დაბარებული არ ყოფილა

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, გიორგი ჯამდელიანის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გამოკითხვაზე არ დაუბარებია. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს სუს-ის მიერ კახეთსა და ქვემო ქართლში დისკრიმინაციის მუხლით დაწყებულ გამოძიების შესახებ.

“სუს-მა თუ დაიწყო გამოძიება, მე არ ვიცი… …რა თქმა უნდა, არ ვიყავი დაბარებული.

…მე ვარ ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი. 3 დღე წარმოებდა კამპანია, რომ ეკლესია ჩემი სახით წარმოეჩინათ, თითქოს რასისტები, შოვინისტები ვართ და სხვა ეთნოსების დისკრიმინაციას ვახდენთ. ეს არის სიცრუე”, – აღნიშნა მან და გამორიცხა, რომ მარნეულში ნარიმან ნარიმანვის ძეგლის გარშემო მის მიერ გახმიანებული განცხადებები ეთნიკური აზერბაიჯანელების დისკრიმინაციისკენ იყო მიმართული.

დღესვე ეპისკოპოსი ნარიმანოვის მაგივრად ერეკლე მეორისა და ხუდია ბორჩალოელის ძეგლის დადგმის ინიციატივით გამოვიდა,  “რომელიც იქნება სიმბოლო ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობისა”. ჟურნალისტების კითხვაზე, ეს ინიციატივა ხომ არ უკავშირდება სუს-ის მიერ გამოძიების დაწყების ფაქტს, რადგან თავდაპირველად მხოლოდ ნარიმანოვის ძეგლის აღებას ითხოვდა უპირობოდ, ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ მას არავისი ეშინია.


სუს-მა 30 მაისს განაცხადა, რომ  ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ და აღნიშნულზე გამოძიებაც მიმდინარეობს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას.

სუს-მა რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით გამოძიება დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი