ახალი ამბები

ანა დოლიძე საპნესიო სესხის აღებამდე პენსიონერებს იურიდიულ დახმარებას სთავაზობს

4 ივნისი, 2020 • 3179
ანა დოლიძე საპნესიო სესხის აღებამდე პენსიონერებს იურიდიულ დახმარებას სთავაზობს

მოძრაობა “ხალხისთვის” დამფუძნებელი ანა დოლიძე იურიდიულ დახმარებას სთავაზობს პენსიონრებს, რომლებსაც საპენსიო სესხის აღება სურთ. აღნიშნულის შესახებ დღეს დოლიძემ “ლიბერთი ბანკთან” გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, “ლიბერთი ბანკი”, რომელიც ამ კუთხით ბაზარზე მონოპოლისტურ მდგომაროებაშია, პენსიონერებზე სესხებს წლიური საპროცენტო განაკვეთით 30%-ზე მეტად გასცემს, რის გამოც მომხმარებლებს პენსიის ნახევრის დატოვება ბანკში უწევთ, ხელშეკრულების დეტალებთან დაკავშირებით კი ბანკი საკმარის ინფორმაციას არ აცნობს:

“არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენს ქვეანაში ყვავის მონოპოლიები და კარტელური გარიგეგებები. ერთ-ერთი მაგალითი მონოპოლიისა, რომელიც ყვლეფს მოქალაქეებს და ბოროტად სარგებლობს მონოპოლიით, არის “ლიბერთი ბანკი”. ჩვენი პენსიონრების ნახევარს აქვს საპენსიო სესხი “ლიბერთი ბანკიდან”. ჩვენი პენსიონერების ნახევარი საკუთარი პენსიის ნახევარს ტოვებს “ლიბერთი ბანკში”.

ამ ბანკს საპენსიო სესხები გაცემული აქვს 30 პროცენტად და მეტად, მაშინ, როდესაც საპროცენტო განაკვეთი ქვეყანაში სინამდვილეში ბევრად ნაკლებია. პენსიონრების უმეტესობამ არც იცის ის პირობები, რომელიც უწვრილესი შრიფტით უწერიათ ხელშეკრულებაში, რის გამოც საკუთარი სესხის დაფარვას ვერ ახერხებს და რჩება მოტყუებული. ამ სიტუაციაზე არაფერს ამბობს ეროვნული ბანკი, რომლის მოვალეობაა, გააკონტროლოს სიტუაცია”, – ამბობს ანა დოლიძე.

მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერი პენსიონრებს სთავაზობს იურიდიულ დახმარებას და მოუწოდებს, სესხის აღებამდე მათი მოძრაობის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ ნომერზე – 597 18 37 81:

“ჩემთვის მნიშვნელოვანია, თითოეულ პენსიონერს გაეწიოს სამართლებრივი დახმარება იმ კონტრაქტთან დაკავშირებით, რომელსაც ის აფორმებს ბანკთან. ამისთვის გვაქვს ცხელი ხაზი და მოვუწოდებ მათ, სანამ მოაწერენ ხელს იმ მტაცებლურ პირობებს, მოვიდნენ ჩვენთან”, – ამბობს ანა დოლიძე.

ანა დოლიძის თქმით, ერთ-ერთმა პენსიონერმა, რომელმაც მის მოძრაობას მიმართა, 2020 წლის იანვარში “ლიბერთი ბანკში” საპენსიო სესხი წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთით, 35.42%-ად აიღო.

ლიბერთი ბანკში დოლიძის ბრიფინგზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.


“ნეტგაზეთმა” აღნიშნულ საკითხზე გასული წლის ზაფხულში სტატია და ვიდეოისტორია მოამზადა, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის აგვისტოს მონაცემებით, საპენსიო სესხების ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 32 პროცენტი იყო. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასულ აგვისტოთვის საქართველოში 754 165 პენსიონერი ცხოვრობდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მათგან ნახევარზე მეტს, ანუ 380 403 პირს საპენსიო სესხი ჰქონდა აღებული.

2018 წელს საპენსიო სესხების ეფექტური საპროცენტო განაკვეთი “ლიბერთი” ბანკში 43.55% იყო. ამაზე მოწმობს “ლიბერთი ბანკსა” და ერთ-ერთ პენსიონერს შორის 2018 წელს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც “ბათუმელებმა” მოიპოვა. მაშინ სამომხმარებლო სესხი არაპენსიონერს რომ აეღო, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 20-22 პროცენტი იქნებოდა.

2019 წლის აგვისტოში, როცა “ნეტგაზეთმა” ამ თემაზე სტატია მოამზადა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის იმდროინდელი თავმჯდომარე კაკი ზოიძე ამბობდა, რომ პენსიონერების შემთხვევაში მაღალი პროცენტი რისკებიდან გამომდინარეობდა. თუმცა ზოიძე აღნიშნავდა, რომ ეს მიდგომა სამართლიანი არ იყო და მაქსიმუმ 2019 წლის ბოლოს შეიცვლებოდა.

“ადამიანებს ძალიან დიდ ტვირთად აწვებათ. მით უმეტეს, პენსიონერებს, რომელთა დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია. მართლაც აუტანელი პროცენტებით ხდება სესხების გაცემა. სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და შეცვალოს ეს პირობები. სახელმწიფო ახლა გააკეთებს იმას, რომ ასე აღარ იყოს. ერთი გავაკეთეთ, რომ ჩამოვიდა 50-ზე, შემდეგ ჩამოვიდა 32-ზე [2019 წლის], შემოდგომიდან ეს პრობლემა აღარ იქნება”, – ამბობდა კაკი ზოიძე.

მოგვიანებით “ნეტგაზეთი” კვლავ დაინტერესდა, თუ დაიკლო საპროცენტო განაკვეთმა, როგორც ამას სტატიაში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კაკი ზოიძე ამბობდა, და “ლიბერთი” ბანკს, როგორც მომხმარებელი, ისე დაუკავშირდა. ბანკის ოპერატორმა განგვიცხადა, რომ საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ამ ეტაპზე 30.69 პროცენტია და აღნიშნული ტარიფი 2019 წლის დეკემბრიდან მოქმედებს.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ ზღვარს, სებ-ში “ბათუმელებს” განუცხადეს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დადგენილია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა, რაც 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.

აღნიშნულ საკითხზე “ნეტგაზეთი” პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ამჟამინდელ თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძეს დაუკავშირდა. დეპუტატი არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, იგეგმება თუ არა საპროცენტო განაკვეთის შემცირება, როდის ან როგორ.

იმავე კითხვით, იგეგმება თუ არა საპროცენტო განაკვეთის კიდევ უფრო შემცირება, “ლიბერთი” ბანკს ოფიციალურადაც მივმართეთ. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ამ თემაზე წაიკითხეთ სტატია “ნეტგაზეთის” არქივიდან:

პენსია სესხად

მასალების გადაბეჭდვის წესი