ახალი ამბები

EMC მოუწოდებს მერიას, უსახლკაროების პრობლემა გრძლევადიანად მოაგვაროს რეხის დასახლებაში

4 ივნისი, 2020 • 987
EMC მოუწოდებს მერიას, უსახლკაროების პრობლემა გრძლევადიანად მოაგვაროს რეხის დასახლებაში

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) თბილისის მუნიციპალიტეტს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვას და გაითვალისწინოს ნაძალადევის რაიონში, რეხის დასახლებაში მცხოვრები უსახლკაროების ინტერესები.

განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ დღეს, 4 ივნისს გაავრცელა, აღნიშნულია, რომ კანონმდებლობა რეხის დასახლებაში ნებართვის გარეშე აშენებულ სახლებს მხოლოდ კანონმდებლობით და სამშენებლო სამართალდარღვევის კუთხით ხედავს და არ აფასებს პირებისა და შინამეურნეობების საჭიროებებს, უსახლკარობის რისკებსა და უგულებელყოფს პირთა სათანადო საცხოვრბელის უფლების დაცვის გარანტიებს და ამ მიმართულებით სახელმწიფო ვალდებულებებს.

“მდგომარეობას ამწვავებს ისიც, რომ ის მწირი და არასაკმარისი გარანტიები, რომელიც გამოსახლების დროს ეროვნულ დონეზე არსებობს, ამ შემთხვევაში არ გამოიყენება. კერძოდ, დემონტაჟის მიმდინარეობისას არ არის გათვალისწინებული სოციალური მუშაკების, ასევე, საცხოვრისის უფლების განხორციელებაზე პასუხისმგებელი მუნიციპალური ორგანოების მონაწილეობა. ერთ-ერთ პრობლემურ საკითხს წარმოადგენს ამგვარი ტიპის აღსრულების ღონისძიების მიმდინარეობისას მოძრავი ნივთების შენახვისა და შენარჩუნების გარანტიის არარსებობა, რაც მაცხოვრებლებისთვის უფრო მეტი მოწყვლადობის რისკებს ქმნის”, – წერია განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მიერ შეთავაზებული ბინის ქირით უზრუნველყოფა დროებითია, ნაკლებად არის გათვალისწინებული მოსარგებლეთა ინდივიდიუალური გამოწვევები და საჭიროებები და არ აკმაყოფილებს დამოუკიდებელი ცხოვრების ხელმშემწყობ კომპონენტებს. განცხადების მიხედვით, ეს ყველაფერი რეხის დასახლებაში მცხოვრები ადამიანებისთვის ვერ ქმნის გარანტიას, რომ ისინი უსახლკარობას თავს დააღწევენ.

“სათანადო საცხოვრებლის უფლების გარანტირების ვალდებულებიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია, მუნიციპალურმა ორგანოებმა გაითვალისწინონ რეხის დასახლების მცხოვრებთა მოწყვლადობა და არ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომელიც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს, განსაკუთრებით COVID-19-ის ეპიდემიის მიმდინარეობისას. ნებისმიერმა ღონისძიებამ, რომელიც მუნიციპალიტეტის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით მიიღება, სათანადოდ უნდა გაითვალისწინოს მაცხოვრებელთა უფლებები, ინტერესები და უზრუნველყოს მათი უსახლკარობის პრევენცია”, – აღნიშნავს EMC.

EMC მიმართავს თბილისის მუნიციპალიტეტს, გადადგას ნაბიჯები რეხის დასახლებაში მცხოვრებთა საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით, მათ შორის, მათი უსახლკარობის რისკების შესწავლის მიმართულებით და მიიღოს ზომები მათი მოწყვლადობის დაზღვევისთვის. ასევე, კონსენსუსის მიღწევისათვის უზრუნველყოს დემონტაჟს დაქვემდებარებული სახლების მაცხოვრებლებთან დიალოგი და შესაძლო ალტერნატივების განხილვა და გადადგას ყველა ნაბიჯი ისეთი გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც მათ უფლებებში ყველაზე ნაკლებ ჩარევას გაითვალისწინებს. საცხოვრებელი დემონტაჟის შემთხვევაში კი უზრუნველყოს ადგილობრივი მაცხოვრებლები ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით გრძელვადიან პრესპექტივაში.

EMC ასევე მიმართავს საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას, უზრუნველყონ გამოსახლების მთლიანი პროცესის მარეგულირებელი კანონმდებლობის და პრაქტიკის სრული შესაბამისობა. ასევე გაითვალისწინონ საერთაშორისო სტანდარტები და გამოსახლებას დაქვემდებარებული პირების ინტერესების დაცვის მდგრადი მექანიზმების დანერგვა უზრუნველყონ. ამასთან, უზრუნველყონ დემონტაჟის შედეგად მცხოვრებთა გამოყვანის მიჩნევა გამოსახლების ერთ-ერთ ფორმად და მასზე გაავრცელონ გამოსახლების მარეგულირებელი ნორმები.

თბილისის მერიამ ნაძალადევში, რეხის დასახლებაში უკანონოდ აშენებული სახლების დემონტაჟი მაისის ბოლოს დააპირა, მაგრამ ადგილობრივთა წინააღმდეგობის შედეგად პროცესი მხოლოდ 1 კვირით შეაჩერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი