ახალი ამბები

WHO პლაქვენილს სოლიდარობის კვლევაში აბრუნებს

3 ივნისი, 2020 • 1261
WHO პლაქვენილს სოლიდარობის კვლევაში აბრუნებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, ჰიდროქსიქლოროქვინი (იგივე პლაქვენილი) სოლიდარობის კვლევაში დააბრუნოს.

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა 3 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, უსაფრთხოების კომიტეტმა გასცა რეკომენდაცია, რომ კვლევის პროტოკოლის შეცვლის აუცილებლობა არ დგას.

ამასთან, ჯანმო განმარტავს, რომ პრეპარატის დაბრუნება სოლიდარობის კვლევაში მის ეფექტურობას არ ამტკიცებს.

რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სოლიდარობის კვლევაში ჰიდროქსიქლოროქვინის გამოყენება დროებით შეაჩერა. ამის მიზეზი გახდა სამედიცინო ჟურნალ “ლანცეტში” გამოქვეყნებული ემპირიული კვლევა, რომლის მიხედვითაც COVID-19-ით დაავადებულ მძიმე პაციენტებს, რომლებიც ამ პრეპარატს იღებდნენ, გარდაცვალების რისკი ეზრდებოდათ. ეს დასკვნა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზიდან გამომდინარეობდა და ეს არ ყოფილა რანდომიზებული კვლევა.

სოლიდარობის კვლევა WHO-ს ინიციატივით 35 ქვეყნის 400-მდე საავადმყოფოში ტარდება. კვლევის მიზანია გამოკვეთოს, ამჟამად რომელია ეფექტური კორონავირუსის წინააღმდეგ გამოყენებული პრეპარატებიდან. კვლევაში მონაწილეობს “გილეადის” მიერ წარმოებული “რემდესივირიც”.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილების კვალდაკვალ, საქართველოში ახალი კრონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში პლაქვენილის გამოყენება დროებით შეჩერდა. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ პრეპარატის გამოყენება ჯანმოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე შეჩერდებოდა.

WHO მალარიის პრეპარატზე კვლევას დროებით აჩერებს

მასალების გადაბეჭდვის წესი