ახალი ამბები

მწვავე ჰეპატიტის აფეთქება ბავშვებში — ჯანმოს ინფორმაცია ახალ საფრთხეზე

27 აპრილი, 2022 • 1230
მწვავე ჰეპატიტის აფეთქება ბავშვებში — ჯანმოს ინფორმაცია ახალ საფრთხეზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ინფორმაციას ავრცელებს მსოფლიო მასშტაბით მცირეწლოვან ბავშვებში მწვავე ჰეპატიტის შემთხვევების აფეთქებასთან დაკავშირებით, რომლის წარმომავლობაც ამ დროისთვის უცნობია.

WHO-ის განცხადებით, შემთხვევები თავდაპირველად დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში და 21 აპრილის მონაცემებით, ჯამში, 169 შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი მსოფლიოს 11 ქვეყანაში. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე უცნობია, შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა თუ საქმე გვაქვს ცნობადობის გაზრდის შედეგად ისეთი შემთხვევების აღრიცხვიანობის ზრდაზე, რომლებიც მანამდე შეუმჩნევლად მიმდინარეობდა.

ორგანიზაციის თქმით, ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში აღრიცხულია დაუდგენელი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტის 114 შემთხვევა, ესპანეთში — 13, ისრაელში — 12, აშშ-ში — 9, დანიაში — 6, ირლანდიაში — 5-მდე, ნიდერლანდებში — 4, იტალიაში — 4, ნორვეგიასა და საფრანგეთში — 2-2, რუმინეთსა და ბელგიაში კი — თითო-თითო. ჯანმოს თქმით, შემთხვევები ძირითადად გვხვდება 1 თვიდან 16 წლამდე ასაკის ბავშვებში და დაავადებული პაციენტების 10%-ს ღვიძლის გადანერგვა დასჭირდა, ერთი ბავშვი კი დაიღუპა.

დაფიქსირებულ შემთხვევებში პაციენტებს ღვიძლის მწვავე ანთება აღენიშნებოდათ და ღვიძლის ფერმენტები მკვეთრად ჰქონდათ მომატებული. ბევრ შემთხვევაში ფიქსირდებოდა კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული სიმპტომები, მათ შორის, მუცლის ტკივილი, დიარეა და ღებინება. პაციენტების უმეტესობას არ აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა. არცერთ აღწერილ შემთხვევაში პაციენტებს არ დაუდასტურდათ ვირუსი, რომელიც ჰეპატიტის ცნობილ A, B, C, D და E ფორმებს იწვევს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ პაციენტებს არც საერთაშორისო მოგზაურობის ისტორია ჰქონიათ.

ჯანმო აღნიშნავს, რომ 74 შემთხვევაში პაციენტებს ადენოვირუსი აღმოაჩნდათ, 20 შემთხვევაში კი კორონავირუსული ინფექცია გამოვლინდა. 19 შემთხვევაში პაციენტებს ჰქონდათ როგორც ადენოვირუსი, ასევე, კორონავირუსული ინფექცია.

ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს, დაავადებას ადენოვირუსის ტიპი 41 იწვევს, თუმცა ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ეს სრულად არ ხსნის კლინიკური სურათის სიმძიმეს, ვინაიდან წარსულში ადენოვირუსის ეს სახეობა არ იყო დაკავშირებული ამგვარ გართულებებთან. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ადენოვირუსი გავრცელებული პათოგენია, რომელიც ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა და მეტწილად ჩვეულებრივ რესპირატორულ ინფექციას იწვევს. თუმცა, იმის მიხედვით, თუ ადენოვირუსის რომელი ტიპია, დაავადებას შეუძლია გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის გართულებები, კონიუნქტივიტი და ცისტიტიც კი.

WHO აღნიშნავს, რომ სულ აღრიცხულია ადენოვირუსის 50-ზე მეტი სახეობა, რომელიც ადამიანს აავადებს. ტიპი 41-სთვის კი დამახასიათებელია დიარეა, ღებინება, ცხელება და ხშირ შემთხვევაში თან ახლავს რესპირატორული სიმპტომებიც. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, პაციენტი ბავშვების ნაწილს ადენოვირუსის 41 ტიპი მართლაც აღმოაჩნდა, ამ ეტაპზე უცნობია, იწვევს თუ არა ჯანმრთელ ბავშვებში მწვავე ჰეპატიტს.

მეცნიერები ამ ეტაპზე სწავლობენ როგორც პოტენციური, ამ დრომდე შეუსწავლელი ადენოვირუსის ვარიანტის გამოჩენას, ასევე მის თანდართვას კოვიდ 19-თან. რაც შეეხება ჰიპოთეზას, რომ შესაძლოა დაავადება COVID-19-ის ვაქცინის გვერდითი მოვლენაა, მეცნიერები ამბობენ, რომ დაავადებული ბავშვების დიდი უმრავლესობა აცრილი არ ყოფილა, შესაბამისად, ამ ვერსიას გამორიცხავენ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მკვლევრები მუშაობას სხვა მიმართულებებითაც აგრძელებენ.

ჯანმო აცხადებს, რომ სიტუაციას აკვირდება და იმ ქვეყნების ჯანდაცვის სფეროს მაღალჩინოსნებთან ერთად აგრძელებს მუშაობას, სადაც ამგვარი შემთხვევები გამოვლინდა.

ფოტოზე: მწვავე ჰეპატიტის გავრცელება მსოფლიოში

მასალების გადაბეჭდვის წესი