ნეტგაზეთი | WHO მალარიის პრეპარატზე კვლევას დროებით აჩერებს WHO მალარიის პრეპარატზე კვლევას დროებით აჩერებს – Netgazeti
RU | GE  

WHO მალარიის პრეპარატზე კვლევას დროებით აჩერებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსზე მიმდინარე “სოლიდარობის” მასშტაბური კვლევიდან დროებით ამოიღებს მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატს, წამლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული ნეგატიური ცნობების გამო.

CNN-ის ცნობით, საქმე ეხება ჟურნალ ლანცეტში გამოქვეყნებულ ემპირიულ კვლევას, რომლის მიხედვითაც COVID-19-ით დაავადებულ მძიმე პაციენტებს, რომლებიც ამ პრეპარატს იღებდნენ, გარდაცვალების რისკი ეზრდებოდათ. ეს დასკვნა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზიდან გამომდინარეობდა და ეს არ ყოფილა რანდომიზებული კვლევა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, სოლიდარობის კვლევის შესახებ, რომელშიც არაერთი ქვეყანაა ჩართული ჰიდროქსიქლოროქინის (იგივე პლაქვენილი) მონაწილეობაზე, ამჟამად აღმასრულებელი ჯგუფი მსჯელობს. კერძოდ, ჯგუფი აკვირდება პრეპარატთან დაკავშირებით არსებულ სანდო მონაცემებს გადაწყვეტილების მისაღებად.

გებრეისუსი ამატებს, რომ პრეპარატი, როგორც წესი, დამტკიცებულია უსაფრთხოდ მალარიისა ან ავტოიმუნური დაავადებების მკურნალობისთვის.

სოლიდარობის კვლევა WHO-ს ინიციატივით 35 ქვეყნის 400-მდე საავადმყოფოში ტარდება. ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის ცნობით, მასში საქართველოც ჩაერთვება. კვლევის მიზანია გამოკვეთოს, ამჟამად რომელია ეფექტური კორონავირუსის წინააღმდეგ გამოყენებული პრეპარატებიდან. კვლევაში მონაწილეობს გილეადის მიერ წარმოებული პრეპარატი რემდესივირიც.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან