ახალი ამბები

ჯერ კიდევ არ გვაქვს კონტაქტი ღაზაში ჩვენს პერსონალთან – ჯანმოს გენერალური დირექტორი

28 ოქტომბერი, 2023 • 1618
ჯერ კიდევ არ გვაქვს კონტაქტი ღაზაში ჩვენს პერსონალთან – ჯანმოს გენერალური დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ არ აქვთ კონტაქტი ღაზაში მყოფ პერსონალთან და სამედიცინო დაწესებულებებთან.

„ღაზაში ინტენსიური დაბომბვის შესახებ ცნობები უკიდურესად შემაშფოთებელია. ასეთ პირობებში არ არის შესაძლებელი პაციენტების ევაკუაცია და არც უსაფრთხო თავშესაფრის პოვნა. კომუნიკაციის შეწყვეტა ასევე შეუძლებელს ხდის სასწრაფო დახმარების მანქანას დაშავებულებთან მისვლას. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს კონტაქტი ჩვენს პერსონალთან და სამედიცინო დაწესებულებებთან. მე მაწუხებს მათი უსაფრთხოება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ყველას, ვისაც შეუძლია ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტას, იმოქმედოს ახლავე“, – წერს ჯანმოს ხელმძღვანელი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე).


27 ოქომბერს, ღამით ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაცხადეს, რომ „აფართოებენ სახმელეთო მოქმედებებს“ ღაზის სექტორში. IDF-ის სპიკერ დანიელ ჰაგარის განცხადებას წინ უძღოდა ცნობები ღაზაში აფეთქებების დიდი სერიის შესახებ.

საერთაშორისო მედიის ცნობით, პარასკევს ღამით ისრაელის საჰაერო თავდასხმები ღაზაზე ყველაზე ინტენსიური იყო ბოლო სამი კვირის განმავლობაში, რაც კონფლიქტი გამწვავდა.

პალესტინის სატელეკომუნიკაციო კომპანიამ, რომელიც უზრუნველყოფს ღაზის სექტორის მობილურ მომსახურებას, განაცხადა, რომ ინტენსიურმა დაბომბვამ სატელეკომუნიკაციო მომსახურების სრული შეწყვეტა გამოიწვია.

როგორც IDF აცხადებს, 27 ოქტომბერს ღამით დაწყებული ოპერაციის შემდეგ, ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზის ჩრდილოეთი ნაწილში ჰამასის დაჯგუფების 150-ზე მეტ ობიექტს, მიწისქვეშა გვირაბს და ბუნკერს დაარტყეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი