ახალი ამბები

ალკოჰოლი ძუძუს კიბოს უმთავრესი რისკფაქტორია — ჯანმო

21 ოქტომბერი, 2021 • 1282
ალკოჰოლი ძუძუს კიბოს უმთავრესი რისკფაქტორია — ჯანმო

ალკოჰოლი ძუძუს კიბოს ერთ–ერთი უმთავრესი და კორექტირებადი რისკფაქტორია, მისი მოხმარების შემცირება კი მნიშვნელოვნად შეამცირებს დაავადების განვითარების რისკს. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია(WHO) საუბრობს.

“ძუძუს კიბო ყველაზე ხშირად დიაგნოზირებული კიბოს სახეობაა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონში. ის ყოველდღიურად 1579 ქალს უდგინდება.

ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვის ფარგლებში ჯანმო მოუწოდებს ყველას, გააცნობიეროს, რომ ძუძუს კიბოს რისკი მნიშვნელოვნად შემცირდება ალკოჰოლის მოხმარების შემცირებით”, — ამბობს ჯანმო.

WHO-ს ევროპის რეგიონს ძუძუს კიბოს ახალ შემთხვევათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს სხვა რეგიონთან შედარებით. კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს შეფასებით, 2020 წელს ალკოჰოლის მოხმარება იყო რეგიონში ძუძუს კიბოს თითქმის 40 000 ახალი შემთხვევის მიზეზი.

“იგივე მონაცემების მიხედვით, ძუძუს კიბო გახდა მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობა. 2020 წელს 2 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და აქედან დაახლოებით 100 000 ალკოჰოლის მოხმარებას უკავშირდება”, — დასძენს ორგანიზაცია.

ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის არაგადამდებ დაავადებათა უფროსი ტექნიკური ოფიცერი მერილის კორბექსი ხაზს უსვამს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ალკოჰოლის ტიპს, ხარიხსსა თუ ღირებულებას: ის მაინც რჩება ძუძუს კიბოს უმთავრეს რისკფაქტორად.

კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო ალკოჰოლს განიხილავს, როგორც პირველი ჯგუფის კანცეროგენს ადამიანებისთვის. ძუძუს კიბოს გარდა, ის ასევე ზრდის პირის ღრუს, ყელის, საყლაპავის, ღვიძლის, ხორხის და მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს:

“არ არსებობს ალკოჰოლის უსაფრთხო რაოდენობა. ძუძუს კიბოს რისკი იზრდება მოხმარებული ალკოჰოლის თითოეულ ერთეულთან ერთად.

რეგიონში ალკოჰოლით გამოწვეული კიბოს შემთხვევების 10%-ზე მეტი წარმოიშობა ყოველდღიურად მხოლოდ 1 ბოთლი ლუდის (500 მლ) ან 2 პატარა ჭიქა ღვინის (თითოეული 100 მლ) მოხმარებით.

ძუძუს კიბოს შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია: რეგიონში ალკოჰოლთან დაკავშირებული ძუძუს კიბოს 4 შემთხვევიდან 1 გამოწვეულია ალკოჰოლის ამ მცირე რაოდენობით”.

ორგანიზაციის კიდევ ერთი წარმომადგენლის, ექიმ კარინა ფერერა-ბორხესის სიტყვებით, “მარტივად რომ ვთქვათ, ალკოჰოლი შხამია”, რომელიც ზიანს აყენებს ყველა ორგანოს.

“ასე რომ, სავსებით ლოგიკურია ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვა, ალკოჰოლის სხვა სასმელებით ჩანაცვლების გზების მოძიება და ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც ალკოჰოლის მოხმარების შემცირებას შეუწყობს ხელს”, — ამატებს ის.

რეგიონში ალკოჰოლით გამოწვეული ზიანის შემცირების კუთხით ჯანმო რამდენიმე ღონისძიებას უწევს რეკომენდაციას. მათ შორისაა:

  • ალკოჰოლის ფასის ზრდა (მაგალითად, აქციზის გაზრდით);
  • ალკოჰოლის რეკლამირების აკრძალვა ან მისი შეზღუდვა ყველა ტიპის მედიასაშუალებებში;
  • ალკოჰოლის ხელმისაწვდომობის შემცირება (მაგალითად, გაყიდვის საათების რეგულირებით).

“ჯანმო ასევე მკაცრად ურჩევს რეგიონის ყველა ქვეყანას, ალკოჰოლური სასმელების ეტიკეტზე განათავსოს გაფრთხილება მისი ჯანმრთელობისთვის მავნე თვისებების შესახებ, რათა მომხმარებელმა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს იმის შესახებ, თუ რა მოიხმაროს”, — აღნიშნავს ორგანიზაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი