ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში Covid-19-ის შემთხვევებმა 10,500-ს გადააჭარბა | ფაშინიანი წესების დაცვას მოითხოვს

3 ივნისი, 2020 • 769
სომხეთში Covid-19-ის შემთხვევებმა 10,500-ს გადააჭარბა | ფაშინიანი წესების დაცვას მოითხოვს

სომხეთში 3 ივნისს Covid-19-ით ინფიცირების 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც მხოლოდ 2-ით არის ნაკლები წინა დღით დაფიქსირებულ ანტირეკორდზე, 517 შემთხვევაზე.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 10524 შემთხვევაა რეგისტრირებული. 3454 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 170 ადამიანი კი გარდაიცვალა. 6841 ადამიანი მკურნალობას აგრძელებს. ჩატარებულია 61650 ტესტი.

ერთ მილიონ მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა სომხეთში 3552 ადამიანს შეადგენს. შედარებისთვის, საქართველოში მსგავსი რიცხვი 201-ია, იტალიაში -3862, ესპანეთში- 6139, რუსეთში- 2962 და ა.შ..

ეპიდემიის ხელახალი და მზარდი გავრცელების ფონზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ Covid-19 დაუდასტურდა, მოქალაქეებს მკაცრად მოუწოდებს სოციალური დისტანცირების ნორმისა და პანდემიასთან დაკავშირებული სხვა წესების დაცვისაკენ.

2 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ფაშინიანმა განაცხადა, რომ 1-დან 3 დღემდე ვადაში უნდა გამოასწორდეს ქვეყანაში ეპიდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების დაცვის მხრივ მდგომარეობა.

მან ფეისბუკზე მოქალაქეებს მოუწოდა, გაუგზავნონ ფოტო-ვიდეომასალები, სადაც ჩანს, როგორ ირღვევა ასეთი შეზღუდვები და მას შემდეგ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე არაერთი ასეთი შემთხვევის ამსახველი ფოტო თუ ვიდეომასალა გააზიარა კიდეც.

ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს სხვადასხვა საჯარო სივრცე — ბანკები, ფოსტები, საქალაქო ტრანსპორტი თუ მაღაზიები, სადაც მოქალაქეები ერთმანეთთან ახლოს დგანან და დისტანციას არ იცავენ, ზოგს კი პირბადეც არ უკეთია.

მაგალითად, ფაშინიანმა ორჯერ დაპოსტა ქალაქ ართიკში, ერთ-ერთ ბანკთან ცოცხალი რიგი, სადაც ფიზიკური დისტანცირების ნორმებს არ იცავენ:

ფაშინიანის თქმით, მას ასობით ფოტოსა და ვიდეოს უგზავნიან მოქალაქეები და ვერ ახერხებს ყველას გამოქვეყნებას:

სომხეთში Covid-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა პირველ მარტს დადასტურდა. აპრილის დასაწყისში ახალი შემთხვევების რიცხვმა გარკვეულწილად კლება დაიწყო, თუმცა აპრილის შუა რიცხვებიდან კვლავ დაიწყო ზრდა. 4 მაისს, იმის მიუხედავად, რომ ზრდის ტენდენცია შენარჩუნებული იყო, სომხეთმა საგანგებო მდგომარეობა გააუქმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი