ახალი ამბები

პოლიციელის მიმართ ძალადობის ბრალდებით პირი დააკავეს

2 ივნისი, 2020 • 528
პოლიციელის მიმართ ძალადობის ბრალდებით პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში პირი დააკავეს, რომელსაც პოლიციელის მიმართ ძალადობა და წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად.

უწყება ამბობს, რომ პირი ამჟამად იმყოფებოდა მსჯავრის ქვეშ, გამოძიებით კი დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 მაისს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები, საგანგებო რეჟიმის აღსრულების მიზნით, კომენდანტის საათისას შემოვლის დროს ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან დაკავებული შენიშნეს.

შსს აცხადებს, რომ პირი გააფრთხილეს, რასაც, ბრალდებული არ დაემორჩილა და სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტში ჩაერთვნენ დაკავებულის ოჯახის წევრები და მეზობლები, რომელთა დახმარებით ბრალდებულმა მიმალვა მოახერხა.

მომხდარი ინციდენტის შედეგად, პოლიციელებმა სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი