ახალი ამბებისაზოგადოება

„შევარდენი“ – მივიწყებული სპორტული კლუბი 26 მაისის ცნობილი ფოტოდან

26 მაისი, 2020 • 4994
„შევარდენი“ – მივიწყებული სპორტული კლუბი 26 მაისის ცნობილი ფოტოდან

სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია 1919 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, თბილისის ქუჩებში მწყობრში მომავალი ათობით ქალი, რომელსაც ერთნაირი ტანსაცმელი აცვიათ და გაღიმებული უყურებენ გამვლელებს.

ცოტამ თუ იცის, რომ ამ უკვე სიმბოლური ფოტოდან შემოგვცქერიან 1918 წელს შექმნილი სპორტული საზოგადოება „შევარდენის“ ქალი გიმნასტები.

“შევარდენის“ მარში თბილისში,1919 წლის 26 მაისს. ფოტო გაფერადებულია civil.ge-ის მიერ, დაცულია ეროვნულ არქივში

ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე წელიწადში, საბჭოთა ხელისუფლება „შევარდენს“ ანტისახელმწიფოებრივად შერაცხავს და გააუქმებს. თუმცა, მანამდე გუნდი, გარდა პატრიოტული თუ თანასწორობის იდეებისა, ქართულ ენაში ისეთ სიტყვებს დაამკვიდრებს, როგორიცაა, მაგალითად, ფეხბურთი, ტანვარჯიში ან თამაშგარე მდგომარეობა.

რა ვიცით „შევარდენზე“?

„შევარდენზე“ თუ ვსაუბრობთ, უნდა დავიწყოთ ბევრად უფრო ადრე – ჩეხეთიდან,“ – გვეუბნება ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე. საქმე ის არის, რომ მე-19 საუკუნეში, ჯერ კიდევ ავსტრო-უნგრული იმპერიის დროს, არსებობდა ეროვნული ჩეხური სპორტული დაჯგუფება – „სოკოლი“(ქართულად შავარდენი), რომელიც შემდგომ ბევრ სლავურ ქვეყანას მოედო – მათ შორის, სერბეთს, ბულგარეთსა და რუსეთს.

„1862 წელს დაარსებული ამ სკოლის ერთ-ერთ მთავარი პერსონა იყო მიროსლავ ტირში. სწორედ ტირშის ნაწარმოები თარგმნა შემდგომ გიორგი ნიკოლაძემ ამ სპორტულ მოძრაობასთან დაკავშირებით“, – ამბობს ლაშა ბაქრაძე.

ტანმოვარჯიშეთა საზოგადოება „სოკოლი 3“. 1913 წელი.

ბაქრაძე აღნიშნავს, რომ ჩეხური ეროვნული მოძრაობებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სპორტული ორგანიზაციები. ჩეხეთი დამოუკიდებელი 1918 წელს გახდა და ამ პროცესში დიდი როლი ითამაშა „სოკოლმა“.

„ჩეხებთან კიდევ ერთი კავშირია – პრაღიდან მე-19 საუკუნის ბოლოს თბილისში ჩამოვიდა ადამიანი, გვარად – პეტრუჩეკი და აქ, გიმნაზიაში ასწავლიდა ტანვარჯიშსა და ფარიკაობას. მან აქ რამდენიმე წელი დაჰყო. ანუ  ჩეხური მოძრაობის ეს იდეები პირდაპირ, პირველი ხელიდან, პრაღიდან მივიღეთ ჩვენ საქართველოში და არა – რუსეთის გავლით“, – ამბობს ლაშა ბაქრაძე.

საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ (1918 წლის 25 აგვისტოს) სპორტული საზოგადოების შექმნის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორები იყვნენ ნიკო ნიკოლაძის შვილები – გიორგი და თამარ ნიკოლაძეები.

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანახმად ,ამავე წელს „შევარდენის“ დამფუძნებელმა კრებამ, რომელსაც 37 წევრი ესწრებოდა, აირჩია საბჭო, რომელშიც ცნობილი სპორტმენებიც შედიოდნენ, კერძოდ: გაიოზ ბერელაშვილის, გიორგი ნიკოლაძის, ირაკლი ლორთქიფანიძის, გიორგი ეგნატაშვილის და თამარ ნიკოლაძის შემადგენლობით.

დაარსების შემდეგ „შევარდენი“ ხშირად იღებდა მონაწილეობას საზოგადოებრივ ღონისძიებებში, მათ შორის, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში.

1919 წლის 26 მაისს, ანუ იმ დღეს, როდესაც ეს ფოტოა გადაღებული, „შევარდენმა“ მსვლელობა მოაწყო, შემდეგ კი ამჟამინდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე ვარჯიში გამართა.

 

„შევარდენის“ ვარჯიში ამჟამინდე ვაკის პარკში 1919 წელს. civil.ge.

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიხედვით, 1919 წლის 26 მაისის გამოსვლაში 281 მოვარჯიშე მონაწილეობდა.

ლაშა ბაქრაძე აღნიშნავს, რომ საზოგადოება იმდენად მიეჩვია „შევარდენის“ გამოსვლებს, რომ უკვე დაპყრობილ საქართველოში – 1921 წელს, როდესაც ბოლშევიკებმა ვერ გაბედეს, არ აღენიშნათ 26 მაისი და „შეეცადნენ, რომ ეს დღე თავიანთი მიზნებისთვის მოერგოთ, „შევარდენი“ მაინც გამოიყვანეს“.

„რასაკვირველია, როგორც ქართულ ეროვნულ მოძრაობას, კომუნისტური ხელისუფლება მათაც მტრულად უყურებდა და 1922 წელს გააუქმეს “შევარდენი“. ცოტა ხანს ცდილობდნენ, რომ ყოფილიყო „წითელი შევარდენი“, მაგრამ შემდეგ  უკვე რუსული საბჭოთა ტიპის ორგანიზაციებით ჩაანაცვლეს.

წლების შემდეგ შეიქმნა „სპარტაკი“, რომელიც მეტ-ნაკლებად შთამომავალი იყო… თუმცა 1923 წელს სერგო ორჯონიკიძემ „შევარდენს“ პირდაპირ მენშევიკური ორგანიზაცია უწოდა და, რა თქმა უნდა, „შევარდენის“ მონაწილეებს ძალიან ცუდად უყურებდნენ, რადგან ეს ის ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც პატრიოტული გრძნობებით იზრდებოდნენ“, – ამბობს ლაშა ბაქრაძე.

1922 წელს იგივე ახალგაზრდები შეეცადნენ, რომ მსვლელობა მოეწყოთ, თუმცა საბჭოთა ხელისუფლებამ ამის ნება არ მისცა.

“შევარდენი“ 1922 წელი.

„საინტერესოა ისიც, რომ ნიკოლაძეები გამოირჩევიან, იმით, რომ იგონებდნენ სიტყვებსა და ტერმინებს, მაგალითად, ნიკო ნიკოლაძის მოგონილია სიტყვა ლიანდაგი, რომელსაც დღესაც ვხმარობთ.

გიორგი ნიკოლაძის მოგონილია ისეთი სიტყვები, როგორიცაა ტანვარჯიში, ფეხბურთი, თამაშგარე მდგომარეობა, მძლეოსნობა და ა.შ. ფაქტობრივად, სპორტულ ტერმინოლოგიას ქართულში ამ „შევარდენმა“ და უპირველესად, გიორგი ნიკოლაძემ ჩაუყარა საფუძველი“, – აღნიშნავს ლაშა ბაქრაძე.

ისტორიკოსი ყვება, რომ „შევარდენელებს“, როგორც სხვა ორგანიზაციებში, ასევე ჰქონდათ მისალმება, რომელიც, გავრცელებული ცნობის თანახმად,  ნიკო ნიკოლაძის ცოლმა, ოლღა გურამიშვილმა მოიფიქრა, რომელიც ასევე გამოირჩეოდა აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით.

მისალმება კი ჟღერდა ასე – „გუშაგობ ერს?! – მარად!“

„შევარდენი“ 1922 წელს

„ევგენი მიქელაძემ, შემდეგში ცნობილმა დირიჟორმა, რომელიც ასევე ტანმოვარჯიშე იყო, „შევარდენელებს“ მარში დაუწერა… მათ ასევე ჰქონდათ სამკერდე ნიშნები, რომელებზეც გამოსახული იყო იმდროინდელი გერბი და შევარდენი.

როგორც წესი, ქალები და ვაჟები ცალ-ცალკე ვარჯიშობდნენ, მაგრამ ერთად გამოდიოდნენ. სხვათა შორის, თანასწორობის თემა პირველი რესპუბლიკის დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს კი  განსაკუთრებით კარგად ჩანდა სწორედ „შევარდენში“.

სურათიც კი, რომელზეც ჩვენ საუბარი დავიწყეთ, არის ქალების ჯგუფი, რომელიც მოდის. ქალები, როგორც კაცები, ასევე უნდა ყოფილიყვნენ ტანვარჯიშში ჩართული.. ეს თავისთავად ცხადი იყო, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ არათუ ქართულ საზოგადოებაში, არამედ მთელ მსოფლიოში სხვაგან, იმ დროს, მსგავსი რამ ჩვეული ამბავი არ იყო“, – გვიყვება ლაშა ბაქრაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი