ახალი ამბები

მადლიერება გვმართებს დასავლელი პარტნიორებისადმი – ეპისკოპოსი მელქისედეკი

26 მაისი, 2020 •
მადლიერება გვმართებს დასავლელი პარტნიორებისადმი – ეპისკოპოსი მელქისედეკი

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მილოცვას ავრცელებს, რომელშიც რუსულ ოკუპაციაზე და დასავლელი პარტნიორების დახმარებაზე საუბრობს.

“1918 წლის 26 მაისს, სწორედ ამ დღეს წერდა გაზეთი “საქართველო“ – ,,საქართველოს დამოუკიდებლობა გადასწყდა, დამოუკიდებელი საქართველო აღდგა, გაუმარჯოს საქართველოს!” სამწუხაროდ, რუსულმა ოკუპაციამ დიდხანს არ გვაცალა ამ განძით ტკბობა და 1921 წელს ისევე წაგვართვა იგი, როგორც დედას სტაცებენ ხოლმე ჩვილ ბავშვს. 70 წელი დაგვჭირდა, რომ ჩვენს მშობლიურ წიაღს, ჩვენს დამოუკიდებლობას დავბრუნებოდით. თუმცა ეს დაბრუნებაც არ გამოდგა სტატიკური მოვლენა, ჩვენს შემთხვევაში ის ბრძოლის ახალ ფაზაში გადასვლას ნიშნავდა, იმ ბრძოლისა, რომელსაც უკვე 30 წელია ვაწარმოებთ, რათა დაბრუნებული დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ და მომავალ თაობას გადავცეთ”, – ამბობს მარგვეთის და უბისის ეპისკოპოსი.

მისი თქმით, დღეს, “რბილი ძალის“ გავლენით, ბევრი ჩვენი თანამემამულისთვის შეუცნობელი გახდა თავისუფლების იდეა და მნიშვნელობა; აქტიურად ვრცელდება ე.წ. ,,ნეიტრალიტეტის“ მოთხოვნასთან დაკავშირებული განცხადებები, რომლებიც, რეალურად, პირდაპირი რუსული პროპაგანდაა.

“წარსული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ჩვენი სწორედ ასეთი ,,ნეიტრალიტეტი“ აწყობს ყველაზე მეტად ჩრდილოელ მტერს, რომ უპრობლემოდ დაგვიპყროს და დამოუკიდებლობა წაგვართვას. ძლიერი დასავლელი პარტნიორები და დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრობა პირდაპირპროპორციულია იმისა, რომ მტერი ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ვერ შეეხება. როგორმე უნდა მოვახერხოთ, რომ ეს მარტივი ჭეშმარიტება ჩვენს თანამოქალაქეებამდე მივიტანოთ”, – წერს იგი.

მარგვეთის ეპისკოპოსი საუბრობს არა მხოლოდ ტერიტორიებზე, არამედ “გულებში გავლებულ” მავთულხლართებზე, აღნიშნავს რა, რომ ბევრს უჭირს მტერ-მოყვარის გარჩევა.

“26 მაისს განსაკუთრებული ტკივილით მახსენდება, რომ “ერთმორწმუნე მტერი“ კვლავაც ოკუპაციის მომაკვდინებელ ცოდვაშია და მის, მიერ ჩვენს ქვეყანაში გავლებული მავთულხლართები ჩვენი სახლის ერთი კუთხიდან მეორეში გადაადგილებაში გვიშლიან ხელს, მაგრამ მგონია, რომ სხვა პრობლემის წინაშეც ვდგავართ. ესაა არა ტერიტორიის, არამედ გონებისა და გრძნობების ოკუპაცია. დიახ, ვხედავ, რომ ჩვენს არაერთ თანამემამულეს, გულსა და გონებაში აქვს გავლებული მავთულხლართები და უჭირს გაარჩიოს ქვეყნის ნამდვილი მტერი და მოყვარე. რეალურად კი მადლიერება გვმართებს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისადმი, რომლებიც ევროატლანტიკური სივრციდან ათწლეულებია უანგაროდ გვეხმარებიან. მათ გარეშე ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევებისა და პრობლემების გადალახვა ძალიან გაგვიჭირდებოდა”, – აცხადებს ეპისკოპოსი.

მისი თქმით, სწორედ ამ კატეგორიის მოქალაქეებთან დაკავშირებით საჭიროა გაძლიერებული ყურადღების გამახვილება.

“მუდმივად უნდა ვცდილობდეთ, რომ ქრისტესმიერი სიყვარულით, მათი გონებიდან და გულებიდან მავთულხლართები მოვხსნათ, ავუხილოთ თვალები, დავანახოთ მტერი, რომელიც ცენტრალური ავტომაგისტრალიდან რამდენიმე ასეულ მეტრში დგას და ამის შემდეგ, უკვე ერთობლივად შევეცადოთ ტერიტორიული ოკუპაციისგან გათავისუფლებას”, – ამბობს იგი.


ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე ხელახალი რეფერენდუმის ჩატარების მიზანშეწონილობაზე იქადაგა, აღნიშნა რა, რომ ევროპული დაფინანსებით სარგებლობენ არასამთავრობობი, მედია და სხვა აქტორები, რომლებიც “ეკლესიას უტევენ”. საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა, პრესცენტრის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ ეს შეფასება გაიზიარა და თქვა, რომ “მეუფე ანტონმა რეალობა წარმოაჩინა”.

ანტიდასავლური გზავნილები მიტროპოლიტ ანტონისგან

მეუფე ანტონმა წარმოაჩინა რეალობა – ჯაღმაიძე ანტიდასავლურ განცხადებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი