საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის შეფასებით, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის განცხადება პროდასავლური კურსის გადახედვის შესახებ საშიშია, თუმცა არა მიტროპოლიტის ქადაგების, არამედ იმის გამო, რამაც, მისი აზრით, ეს ქადაგება გამოიწვია.
ჯაღმაიძის თქმით, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ მივიდა მიტროპოლიტი ანტონი იქამდე, რომ მსგავსი განცხადებები გაეკეთებინა.
“ტენდენციური, უსამართლო დამოკიდებულება ეკლესიისადმი, დაუსაბუთებელი ცილისწამებები, მუდმივად მომდინარეობს სწორედ იმ სეგმენტიდან, რომელზეც მეუფე საუბრობდა”, – განაცხადა ჯაღმაიძემ “ტვ პირველის” ეთერში.
“საშიში იმიტომ არის, რომ ეს შეიძლება გავრცელდეს და კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა ილაპარაკოს ამაზე იმის გამო კი არა, რომ მეუფე ანტონმა ილაპარაკა, არამედ, თუ არასამთავრობოები და ის ადამიანები, რომლებიც ევროპულ ფასეულობებს ქადაგებენ, გააგრძელებენ ეკლესიის და ტრადიციების წინააღმდეგ ამგვარ დამოკიდებულებას. სწორედ ეს გამოიწვევს საშიშროებას და არა ის, რომ მეუფე ანტონმა იქადაგა”, – განაცხადა ჯაღმაიძემ და დასძინა, რომ “მეუფე ანტონმა წარმოაჩინა რეალობა, რაც დღეს მოსახლეობაში უკვე ამოტივტივდა”.
“საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ თუ ასე გააგრძელეს იმ არასამთავრობო ორგანიაზციებმა… აი, TDI-მ მაგალითად, გამოაქვეყნა საპატრიარქოსთვის გადაცემული თანხების შესახებ ცნობა და როგორ – 17 წლის მანძილზე შეკრიბა თანხა. რატომ განაცხადა მეუფე ანტონმა, რაც განაცხადა, უნდა დაუსვათ იმ ადამიანებს, რომლებიც უსამართლოდ ექცევიან ეკლესიას, ქართულ ტრადიციებს და, ამავდროულად, ამას აკეთებენ ევროპული ფასეულობების ქადაგების ფონზე და მოსახლეობაში ჩნდება პროტესტი, რომ ნუთუ ეს არის ევროპა, რომლის წარმომადგენლებმაც საქართველოში დღედაღამ ეკლესია უნდა ლანძღონ. ჩვენ გვგონია, რომ ევროპა სხვა რამეა”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
მისი თქმით, ბრიუსელში, ევროპარლამენტარებთან შეხვედრებზე, რომელსაც ანდრიუს კუბილიუსიც ესწრებოდა, გულწრფელად ისაუბრა იმ პრობლემაზე, რომ ძალიან ხშირად სწორედ ის ადამიანები ეწევიან დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციას, რომლებიც ამ ფასეულობებიც დამცველებად პოზიციონირებენ.
“წლების განმავლობაში ეკლესიაზე მოტანილი ნიაღვარი რომ მაინც არ მოქმედებს ეკლესიის რეიტინგზე, ამან უნდა დააფიქროს ეს ჯგუფი, რადგანაც ხალხი ხედავს ეკლესიის დამოკიდებულებას და იმ ტყუილს, რომელიც მათგან ისმის. მეუფე ანტონი რასაც ამბობს, მე დარწმუნებული ვარ, რომ დანანებით ამბობს, რომ მივედით აქამდე… ეს ადამიანი გამოხატავს ძალიან ბევრი ადამიანის გულისტკივილს, როდესაც ამას ამბობს, რომ მივედით იქამდე, მიწევს ამისი თქმაო, რომ არ დასრულდა ლანძღვა ეკლესიის სწორედ იმ ხალხისგან, რომლებიც გრანტებით და სხვა სახის დაფინანსებებით ევროპულ ფასეულობებს ქადაგებენ”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე ხელახალი რეფერენდუმის ჩატარების მიზანშეწონილობაზე საუბრობს, აცხადებს რა, რომ ევროპული დაფინანსებით სარგებლობენ არასამთავრობობი, მედია და სხვა აქტორები, რომლებიც “ეკლესიას უტევენ”.
მისი თქმით, ყველა, ვინც ეკლესიას უტევს, ევროდაფინანსებით სულდგმულობს.
“მებადება ეჭვი, რომ ხომ არ გადავხედოთ ჩვენს არჩევანს, როდესაც ჩვენ ავირჩიეთ ევროატლანტიკური გზა. თუ ევროპის ფასეულობა არის ეკლესიის სიძულვილი, ტრადიციების, ოჯახის სიწმინდის უგულებელყოფა, ჩვენ არ გვინდა ასეთი ევროპა. მე სერიოზულად ვფიქრობ და ალბათ, სინოდში დავსვამ ამ საკითხს, რომ ხელახალი რეფერენდუმი ხომ არ მოვიწვიოთ და ხელახლა ვკითხოთ ხალხს, გვინდა თუ არა ასეთი ევროპა? კისერში ამოვიდა მათი ყოველდღე ეკლესიის ლანძღვა. ჩვენი სიჩუმე მათ უფრო აქეზებს, ამიტომ უნდა დავიწყო სათანადო ზომების მიღება, სათითაოდ ჩამოვუვლი ყველა მღვდელმთავარს და უნდა ვთქვათ, რომ უნდა გადავხედოთ ჩვენ ჩვენს მდგომარეობას”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.