ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე ხელახალი რეფერენდუმის ჩატარების მიზანშეწონილობაზე საუბრობს.
მიტროპოლიტი 24 აპრილის ქადაგებაში გამოეხმაურა ეკლესიისთვის ტყეების გადაცემას და აღნიშნა, რომ მედიის, ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულმა ნაწილმა ეკლესიის მიმართ მორიგი ორკესტრირებული შეტევა წამოიწყო.
“ვისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ხე სახელმწიფოსი იქნება თუ ეკლესიის. რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის, ვინ განკარგავს ტყეს, ეკლესია თუ სახელმწიფო, თუ იგი თქვენი კუთვნილება არ არის? თუ ეკლესია გაყიდის, რა გარანტია გაქვთ, რომ სახელმწიფო არ გაყიდის? ეკლესია უცხოელებზე მაინც არ გაასხვისებს”, – განაცხადა მიტროპოლიტმა ანტონმა.
მისი თქმით, ყველა, ვინც ეკლესიას უტევს, ევროდაფინანსებით სულდგმულობს.
“მებადება ეჭვი, რომ ხომ არ გადავხედოთ ჩვენს არჩევანს, როდესაც ჩვენ ავირჩიეთ ევროატლანტიკური გზა. თუ ევროპის ფასეულობა არის ეკლესიის სიძულვილი, ტრადიციების, ოჯახის სიწმინდის უგულებელყოფა, ჩვენ არ გვინდა ასეთი ევროპა. მე სერიოზულად ვფიქრობ და ალბათ, სინოდში დავსვამ ამ საკითხს, რომ ხელახალი რეფერენდუმი ხომ არ მოვიწვიოთ და ხელახლა ვკითხოთ ხალხს, გვინდა თუ არა ასეთი ევროპა? კისერში ამოვიდა მათი ყოველდღე ეკლესიის ლანძღვა. ჩვენი სიჩუმე მათ უფრო აქეზებს, ამიტომ უნდა დავიწყო სათანადო ზომების მიღება, სათითაოდ ჩამოვუვლი ყველა მღვდელმთავარს და უნდა ვთქვათ, რომ უნდა გადავხედოთ ჩვენ ჩვენს მდგომარეობას”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.
მოგვიანებით მიტროპოლიტმა ანტონმა ქადაგება წერილობითი პოსტით განმარტა.
“თქვენ იცით ჩემი შეხედულებანი ევროპაზე, პირველად ჩვენთან ეპარქიაში ჩემი კურთხევით ჩამოყალიბდა ევროკლუბი სურიონი, სადაც მოსწავლე ახალგაზრდობა არა მარტო ეცნობა, არამედ მათ შეხედულებებს ევროპისეულ ღირებულებებზე უზიარებს რაიონის ახალგაზრდობას. ჩვენი მოსწავლეები არიან ახალგაზრდა ევროპარლანამენტის წევრები. არ გავაგრძელებ მათი წარმატებების შესახებ, მინდა მხოლოდ ვთქვა, ჩვენი დედაეკლესიისადმი მტრულად განწყობილნი ძალები ფინანსდებიან და მათ მხარს უჭერს ევროპა და ამერიკა, ეს ძალები ასევე აქტიურად არიან ჩართული ლგპტ-ების მხარდასაჭერ ღონისძიებების ჩატარებებში და მრავალი სხვა. ხომ არ კეთდება აქედან ის დასკვნა, რომ მათ ეკლესიის ლანძღვა-გინებაში მხარს უჭერს ისინი, ვისგანაც სულდგმულობენ. ეს ძალა ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ გვაფიქრებინოს, რომ ესაა ევროატლანტიკური ღირებულებები და ასეთ ფასეულებეს გავემიჯნოთ”, – წერს მიტროპოლიტი.
მისი თქმით, თუ დღეს ეკლესიაში არის სასულიერო პირები, მრევლი, რომელთაც ევროპული ღირებულებები იციან, “ნელ-ნელა რცხვენიათ სხვის მაგიერ და ვეღარ სცემენ პასუხს რუსულ ნარატივებს.
“შემდეგ გიკვირთ ეკლესიისაგან ევროპისა და ამერიკის დემონიზაცია. უნებლიეთ ფიქრობ, რომ კომუნისტური მარწუხებისაგან განთავისუფლებულებმა და ეიფორიაში მყოფებმა, ალერსით გაბრუებულებმა და საკენკით მიტყუებულებმა, შეცდომით ხომ არ ავირჩიეთ ევროატლანტიკური გზა, რადგან ეს გზა ჩვენი ლანძღვა-გინების, დისკრედიტიზაციის და მომავალი თაობების ეკლესიისადმი ზიზღით აღზრდისკენაა მიმართული. ნუ გვაფიქრებინებთ, რომ თვალახელილებმა ხელახლა გადავსინჯოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი. შევაგროვოთ ხელმოწერები და მოვითხოვოთ რეფერენდუმი, გვინდა თუ არა იმ ღირებებულებით და ფასეულობებთ ცხოვრება, სადაც ეკლესიის სიძულვილი, ტრადიციების და ოჯახობრივი სიწმიდეების უგულებელყოფაა. თქვენ, თქვენი უგუნურებით არა მარტო ეკლესიის მტრები და მოძულენი ხართ, არამედ ვისგანაც სულდგმულობთ, მათიც”, – წერს მიტროპოლიტი ანტონი.
ნეტგაზეთი ცდილობს საპატრიარქოს პრესცენტრთან დაკავშირებას, იზიარებენ თუ არა მიტროპოლიტის ამ განცხადებას.