ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რატომ ვერ ახერხებს სახელმწიფო გალელი სტუდენტების მხარდაჭერას – ელიკო ბენდელიანი

26 მაისი, 2020 • 2123
რატომ ვერ ახერხებს სახელმწიფო გალელი სტუდენტების მხარდაჭერას – ელიკო ბენდელიანი

ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელი ელიკო ბენდელიანი პირველი იყო, ვინც რამდენიმე დღის წინ გალელი სტუდენტების ფინანსურ საჭიროებებზე ინფორმაცია გაავრცელა.

თქვენ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთიდან ჩამოსული სტუდენტები ფინანსური და, შესაბამისად, თბილისში საცხოვრებლის პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ, ფართო ქართული საზოგადოებისთვის, შეიძლება ითქვას, მოულოდნელი აღმოჩნდა. პანდემიით გამოწვეულმა სიტუაციამ წარმოაჩინა ეს პრობლემა, თუ ის ყოველთვის მძაფრად იდგა სტუდენტებისთვის?

ეს საკითხი ყოველ წელს პრობლემურია. მოგეხსენებათ, სტუდენტთა საერთო საცხოვრებლები, სამწუხაროდ, არ არის, თუ არ ჩავთვლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელს, სადაც გალის რაიონიდან სულ ოთხი სტუდენტი ცხოვრობს.

თუმცა აქამდე მაინც ახერხებდნენ სტუდენტები ბინის ქირის გადახდას. ბევრი სტუდენტი მუშაობს თბილისში, ძირითადად, მარკეტებში კონსულტანტებად, ან მიმტანებად კაფეებში. შესაბამისად, ბინის ფულს ასე თუ ისე შოულობდნენ. მშობლებიც ეხმარებოდნენ გალიდან პროდუქტით. პანდემიის დროს კი, იცით, რომ დაკარგეს სამსახურები და ვეღარც მშობლები უგზავნიან რამეს აფხაზეთიდან.

სტუდენტების ნაწილმა მოახერხა და გამშვები პუნქტის ჩაკეტვამდე მოასწრო გადასვლა, მაგრამ თბილისში ბინები ვერ დაცალეს, რადგან, არც იცოდნენ, რამდენ ხანს მოუწევდათ იქ გაჩერება. ახლა კი, მათი ბინის პატრონებიც ითხოვენ, რომ ბინის ქირა გადაუხადონ.

ამავე დროს, იქაც რთული სიტუაცია, გალში ადგილობრივების შემოსავალი გამყოფ ხაზთან გარკვეულ ვაჭრობას უკავშირდებოდა, რომელიც არსებული სიტუაციის გამო დღეს შეჩერებულია. ადამიანები ვეღარ გადმოდიან აქეთ, ვეღარც პენსიას იღებენ.

ბოლო თვეების განმავლობაში ძირითადად ნდობის აღდგენის პროცესში ჩართული ადამიანები, ვისაც კარგად გვესმის პრობლემის სიმწვავე, ვდილობდით, ჩვენი რესურსებით დავხმარებოდით გალელ სტუდენტებს, მაგრამ ისიც გვესმის, რომ გრძელვადიანად ეს შეუძლებელია.

ის, რომ გალიდან ჩამოსული სტუდენტები ამ პრობლემის წინაშე დგანან, რაზე მეტყველებს?

ცალსახაა,  სისტემური გადაწყვეტილება უნდა მოიძებნოს. დიდი როლი აკისრიათ სასწავლო დაწესებულებებსაც, რომელსაც შეუძლია თანამშომრლობა კერძო სექტორთან, ბანკებთან.

ეს არ არის სტუდენტთა ის რაოდენობა, რომ შეუძლებელი იყოს მათი დახმარება. მინიმალურ თანხებზეა საუბარი, რადგან ხშირ შემთხვევაში, როგორც წესი, რამდენიმე სტუდენტი ერთად ქირაობს ბინას.

მე ნამდვილად ვხედავდი პანდემიის პირობებში პრობლემის მოგვარების მცდელობას გარკვეული სახელმწიფო უწყებების მხრიდან. ერთჯერადად ამ ადამიანებს საკვები პროდუქტიც მიუტანეს, რაც მართლა მნიშვნელოვანი იყო მათთვის. თუმცა ეს არის ერთი პატარა პრობლემის მოგვარების მცდელობა და არა სისტემური მოგვარება.

მოვისმინე ისიც, რომ ამ სტუდენტებს მსგავსი პრობლემით არავისთვის მიუმართავთ. მიმართვა არ არის აუცილებელი, რომ მიხვდე სტუდენტების საჭიროებებს. ეს ადამიანები თავს ისედაც დავალებულად გრძნობენ, რადგან სახელმწიფო უხდის სწავლის გადასახადს. მათ არ აქვთ უნარ- ჩვევები, სახელმწიფოს სთხოვონ დახმარება. არც იციან, ვის უნდა მიმართონ. ამას ემატება საზოგადოების დამოკიდებულება, რომ ეს ადამიანები თითქოს მუდამ დახმარების მოლოდინში არიან და რატომ ვეხმარებით.

პანდემიის პირობებში ვერ მოხერხდა დევნილთა სამინისტროს ერთჯერადი ქირის პროგრამაში ჩართვაც, რაც ამ პერიოდში ადგილზე მისვლისა და გადამოწმების სირთულით ახსნეს.

თუმცა ფეისბუკზე ჩემი სტატუსის შემდეგ ბევრი დაინტერესდა ამ თემით და ინდივიდუალურ დონეზე მოხდა დახმარების გაწევა.  ასევე, ჩემი ინფორმაციით, შერიგების სამინისტრო დონორებთან ცდილობდა საკითხის მოგვარებას.

ვინაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ გალელ სტუდენტებს ბინის ქირის გადასახდელად მუშაობა არ უწევდეთ?

ვინაა პასუხისმგებელი ორგანო, ნამდვილად არ ვიცი. მაგრამ ვიცი ის, რომ კეთილი ნების შემთხვევაში, პრობლემის მოგვარება შესაძლებელია. ეს არ არის ის თანხა, რომლის მობილიზება არ შეუძლია სახელმწიფოს.  სრული სურათიც არ არსებობს, რომელიც პრობლემის სიმწვავეს დაგვანახებდა. იმ უწყებებმა, რომელთაც აქვთ რეალური შესაძლებლობა, ეს გააკეთონ, შესაძლოა, ვერ აღიქვეს სათანადოდ პრობლემის სიმწვავე. აქ საუბარია, საერთო ჯამში, 250-მდე სტუდენტზე. ჩემი ვარაუდით, ალბათ, ყველა ერთნაირად მწვავედ არც უდგას ეს საჭიროება.

ასევე, ვხედავ აფხაზეთის მთავრობისა და უნივერსიტეტების როლის საჭიროებას. მსგავსი კრიზისის დროს მაინც უნდა შეეძლოს უნივესიტეტებს პასუხისმგებლობა აიღონ სტუდენტების ინდივიდუალურ საჭიროებებზე და, მაგალითად, იშუამდგომლონ ბანკებთან, კერძო სექტორთან.

ერთი სიტყვით, ძალიან მნიშვნელოვანია, საკითხის მოგვარება ინსტიტუციამ აიღოს საკუთარ თავზე, რათა განსაზღვროს კრიტერიუმები, ვის უდგას ამის პირველადი საჭიროება.

როგორ შეაფასებდით, ზოგადად, აფხაზეთიდან თბილისის სასწავლებლებში სტუდენტების ჩარიცხვის პროცესს?

ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა განხორციელდა სახელმწიფოს მიერ პროგრამის “ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის” ფარგლებში და ეს იყო აბიტურიენტების მოსამზადებელი კურსი. ვიცით, რომ იქით და აქეთ განსხვავებულია სწავლება, იქ 11 წელი სწავლობენ, აქეთ – 12.

გარდა ამისა, ყველა, ვისაც შარშან შეტანილი ჰქონდა განაცხადი, გამოცდების გარეშე ჩაირიცხა სასწავლებლებში, გამოცდების დროს გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო და, შესაბამისად, ამანაც გაზარდა სტუდენტების რაოდენობა.

თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს, რომელთაც ვეხმარებით უნივერსიტეტებში სწავლით, სწავლის პირობებიც შევუქმნათ. თუ პარალელურ რეჟიმში ბინის ქირის გადასახდელად მათ კვირაში ყველა დღე მუშაობა უწევთ, ეს დიდ ბარიერს ქმნის. ისედაც დისბალანსი აქვთ ადგილობრივ სტუდენტებთან. ისინი გალში რუსულად გადიან საგნებს და ბევრად მეტი შრომა უწევთ, რომ აქ დაეწიონ კურსელებს. პირადად მეც იქ მაქვს სკოლა დამთავრებული და კარგად ვიცი, რას ნიშნავს ეს.

ხშირად არის საზოგადოებაში განცდა, თუ რატომ ვეხმარებით თუნდაც დევნილებს. ამ შემთხვევაში 250 სტუდენტზეა საუბარი. ძალიან ბევრი ქვეყანა ქართველ სტუდენტებს უფრო მეტი რაოდენობით იღებს და საცხოვრებლითაც უზრუნველყოფს და სტიპენდიითაც, რაც ჩვენთვის ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა. იმ შემთხვევაში კი, თუ ჩვენი ქვეყანა ოკუპურებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სტუდენტებს დაუფინანსებს საცხოვრებელსაც, რატომ მიიჩნევა დამატებით ფუფუნებად, გაუგებარია. ეს სტუდენტები გაცვლით პროგრამებშიც კონკურენტული გარემოს გამო ვერ მონაწილეობენ და ამ მხრივაც საჭიროა მათი წახალისება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ მივაღწევთ შედეგს.

ხომ არ ვუფინანსებთ სწავლას მხოლოდ იმიტომ, რომ ვუფინანსებდეთ, ჩვენი მიზანი ხომ ისაა, რომ ამ ადამიანებმა სათანადო განათლება მიიღონ? მაშინ ამის ყველა პირობაც უნდა ჰქონდეთ.

ამავე თემაზე:

გალელი სტუდენტები თბილისში ბინის ქირას ვეღარ იხდიან [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი