ახალი ამბები

პრეზიდენტმა „საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ კანონის ცვლილებებს ხელი მოაწერა

23 მაისი, 2020 • 1755
პრეზიდენტმა „საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ კანონის ცვლილებებს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა ცვლილებებს „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც 22 მაისს პარლამენტმა დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დიმიტრი ხუნდაძისა და სხვა დეპუტატების მიერ ინიციირებული კანონპროექტის თანახმად, მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლება ექნება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც.

„მე, როგორც კონსტიტუციის გარანტი, პასუხისმგებელი ვარ დავიცვა ადამიანის ძირითადი უფლებები, რაც მოიცავს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლებას. ამ უკანასკნელი უფლების დასაცავად, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების გამო, საჭირო გახდა კანონით გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნება, ისე, რომ არ შეილახოს ადამიანის სხვა ძირითადი უფლებები. წარმოდგენილი კანონით ეს რთული ბალანსი დაცულია.

მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი ასევე ადგენს, აღსრულების პროცესში, შეზღუდვის მიზნობრიობის და პროპორციულობის აუცილებლობას. დღეს ჩემთვის ხელმოსაწერად წარმოდგენილი კანონები ზემოაღნიშნული გამოწვევების გადასალახად აკმაყოფილებს ორივე მთავარ მოთხოვნას — საქართველომ განაგრძოს დემოკრატიული განვითარება და შეინარჩუნოს პანდემიასთან ბრძოლაში მიღწეული შედეგები და აუცილებელი ბერკეტები. ბუნებრივია, რომ დავაკვირდები აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში განხორციელებას“, — აცხადებს ზურაბიშვილი.


კანონპროექტში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მთავრობას 15 ივლისამდე ექნება უფლება, შეზღდუვები გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობის დაწესების გარეშე.

დეტალურად იმის შესახებ, თუ რა წერია კანონპროექტში, იხილეთ „ნეტგაზეთის“ მასალა:

რა წერია კანონპროექტში, რომელსაც ოპოზიცია დიქტატორულს უწოდებს

გაეცანით აგრეთვე პარლამენტის იურიდიული აპარატის შეფასებას კანონპროექტთან დაკავშირებით:

პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის შენიშვნები „საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ კანონის ცვლილებებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი