ახალი ამბები

პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის შენიშვნები „საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ კანონის ცვლილებებზე

21 მაისი, 2020 • 1162
პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის შენიშვნები „საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ კანონის ცვლილებებზე

საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა დეპარტამენტმა მოამზდა დოკუმენტი, რომელშიც გააანალიზა დიმიტრი ხუნდაძისა და პარლამენტის სხვა წევრების მიერ ინიცირებული ცვლილებები კანონში „საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ შესახებ და მათთან დაკავშირებით შენიშვნებიც გააკეთა. „ნეტგაზეთი“ გთავაზობთ დასკვნის ასპექტებს:

„შემოთავაზებული ცვლილებებით საქართველოს მთავრობას ან შესაბამის სამინისტროს ენიჭება უფლებამოსილება, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მეშვეობით შეზღუდოს ადამიანის ის ძირითადი კონსტიტუციური უფლებები, რომელთა შეზღუდვაც კანონით (მიმოსვლის თავისუფლება და საკუთრების უფლების შეზღუდვა) ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს არის დასაშვები (შრომისა და ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლების და შეკრების უფლებები).

აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის ასეთი ფართო ბერკეტის მინიჭება საჭიროებს დამატებით მსჯელობას როგორც ეროვნულ კანონმდებლობასთან (საქართველოს კონსტიტუცია), ისე საერთაშორისო-სამართლებრივ აქტებთან/სტანდარტებთან (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია და სხვა) შესაბამისობის თვალსაზრისით

მიგვაჩნია, რომ ადამიანის უფლების შემზღუდავი ნორმები გამყარებული უნდა იყოს მაღალი ლეგიტიმაციის მქონე საკანონმდებლო აქტებით. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში ერთმნიშვნელოვნად უთითებს, რომ კონკრეტული უფლების შეზღუდვა და ამ შეზღუდვის ფარგლები მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული ეროვნული კანონმდებლობით. შემოთავაზებული ცვლილებების შინაარსის თანახმად აღმასრულებელი ხელისუფლება უფლებამოსილია შეზღუდოს ადამიანის ძირითადი უფლებები აღნიშნული განსაზღვრებების დაწესების გარეშე და ისეთი მასშტაბით, როგორიც მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს არის შესაძლებელი.

[ვენეციის კომისიის მოსაზრებისა და ანგარიშის საგანგებო ვითარების შესახებ] გათვალისწინებით, საგანგებო მდგომარეობის გარეშე ცვლილებით შემოთავაზებული შინაარსის დაკანონება თავის არსით ქვეყანაში გამოიწვევს „de facto“ საგანგებო მდგომარეობას, რომელზეც არ გავრცელდება ასეთი ვითარებისთვის დაწესებული საერთაშორისო და კონსტიტუციურ სამართლებრივი კონტროლის მექანიზმები.

გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილებებით საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო დონეზე ახდენს აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის იმ უფლებამოსილების გადაცემას/დელეგირებას (როგორც საკანონმდებლო, ისე საშინაო პოლიტიკის განსაზღვრის ნაწილში), რაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საკანონმდებლო ხელისუფლების გამგებლობის სფეროს განკუთვნება, რაც თავის მხრივ ასევე სამსჯელოა საქართველოს კონსტიტუციასთან მიმართებით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პარლამენტის მიერ უფლებამოსილების დელეგირებამ შეიძლება კონსტიტუციის დარღვევა გამოიწვიოს იმ შემთხვევებში, როდესაც დადგინდება, რომ გარკვეული უფლებამოსილების დელეგირებით საქართველოს პარლამენტი თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებაზე ამბობს უარს ან/და ახდენს მისი უფლებამოსილების ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ნაწილის დელეგირებას (საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №3/3763; 20.07.2016)“, — ვკითხულობთ იურიდიული აპარატის დასკვნაში.

აპარატი დასკნაში აცხადებს, რომ კანონპროექტი დასახვეწია სამართლებრივი ტექნიკისა და რედაქციული თვალსაზრისით.

გაეცანით დასვკვნას სრულად.


იმის შესახებ, თუ რა წერია კანონპროექტში, შეგიძლიათ გაეცნოთ „ნეტგაზეთის“ მასალას:

რა წერია კანონპროექტში, რომელსაც ოპოზიცია დიქტატორულს უწოდებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი