ახალი ამბებიკომენტარი

როგორ შეაკავა გერმანიამ კორონავირუსი | ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი

25 მაისი, 2020 • 4490
როგორ შეაკავა გერმანიამ კორონავირუსი | ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი

ავტორი: იენს შპანი, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი

გერმანიას ხშირად მოიხსენიებენ პოზიტიურ მაგალითად იმისა, თუ როგორ უნდა იმართოს COVID-19-ის პანდემია. ჩვენ წარმატებით მოვახერხეთ, ჯანდაცვის სიტემის გადატვირთვა თავიდან აგვეცილებინა, ხოლო ხაზი [ინფიცირების შემთხვევების დიაგრამაზე] ნამდვილად ქვემოთ ჩამოდის. მძიმე და ფატალური შემთხვევების წილი გერმანიაში უფრო დაბალია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში. თუმცა ეს უფრო თავმდაბლობისკენ და არა თავდაჯერებისკენ გვიბიძგებს.

ვხედავ სამ მიზეზს, თუ რატომ მოახერხა გერმანიამ ამ კრიზისთან შედარებით კარგად გამკლავება, ყოველ შემთხვევაში, აქამდე. პირველი — გერმანიის ჯანდაცვის სისტემა კრიზისამდეც კარგ მდგომარეობაში იყო, ჯანდაცვაზე სრული წვდომა ყველას ჰქონდა. ეს არა მარტო ამჟამინდელი მთავრობის, არამედ ბევრი ხელისუფლების დროს შემუშავებული სისტემის დამსახურებაა. საერთო პრაქტიკის ექიმების კარგი ქსელის წყალობით, რომელსაც COVID-19-ის მარტივი ფორმების მკურნალობა შეეძლოთ, საავადმყოფოებმა მოახერხეს, კონცენტრაცია მძიმედ დაავადებულებზე გადაეტანათ.

მეორე — გერმანია არ ყოფილა პირველი ქვეყანა, რომელსაც ვირუსმა „დაარტყა“ და, შესაბამისად, დრო ჰქონდა მოსამზადებლად. ჩვენ ასევე გვქონდა შედარებით ბევრი მზა საწოლი საავადმყოფოებში, კერძოდ კი, ინტენსიური მოვლის განყოფილებებში, მაგრამ ამავე დროს COVID-19-ის საფრთხე დასაწყისიდანვე სერიოზულად მივიღეთ და, შესაბამისად, ქვეყანაში, ინტენსიური მოვლის განყოფილებებში, საწოლების რაოდენობა ძალიან სწრაფად გაიზარდა 12 000-დან 40 000-მდე.

მესამე — გერმანიაშია ბევრი ლაბორატორიაა, რომელსაც ვირუსზე ტესტირება შეუძლია და ბევრი გამორჩეული მკვლევარია, რაც ხსნის კიდეც, რატომ შემუშავდა აქ COVID-19-ის პირველი სწრაფი ტესტი. დაახლოებით 83 მილიონი ადამიანის მოსახლეობაში შეგვიძლია დღეში 1 მილიონი დიაგნოსტიკური ტესტი ჩავატაროთ და მალე გვექნება შესაძლებლობა, თვეში დაახლოებით 5 მილიონის ტესტირება ჩავატაროთ ანტისხეულებზე. ფართო ტესტირება სიბნელეში ფანრით განათებას ჰგავს — მის გარეშე მხოლოდ რუხ ელფერს ვხედავთ, მაგრამ მასთან ერთად დეტალების ნათლად და სწრაფად დანახვაა შესაძლებელი, ხოლო როცა საქმე დაავადების აფეთქებას ეხება, ვერ გააკონტროლებ იმას, რასაც ვერ ხედავ.

რა თქმა უნდა, როგორც გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი, ვაცნობიერებ, რომ ახლა მხოლოდ მომენტალურ კადრებს ვხედავთ. დარწმუნებით ვერავინ იტყვის, როგორ განვითარებას მიიღებს პანდემია რამდენიმე კვირაში ან თვეში. ჩვენ არ დაგვიწესებია კომენდანტის საათი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ ვთხოვეთ მოქალაქეებს, თავიანთი ნებით დარჩენილიყვნენ სახლებში. ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, ორი თვის განმავლობაში საჯარო და კერძო ცხოვრების მკაცრი შეზღუდვის პირობებში ვცხოვრობთ. გამომდინარე იქიდან, რაც ვიცით, ასეთი ნაბიჯები აუცილებელი და ეფექტიანია.

თუმცა კარანტინის („ჩაკეტვის“ — lockdown) შედეგების იგნორირება არ შეიძლება, ამიტომაც ეტაპობრივად ვუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას. გამოწვევა ისაა, რომ დამცავი ზომების შემსუბუქება ისეთივე რთული საკითხია, როგორც მათი შემოღება. მართალია, ღრმა გაურკვევლობის ვითარებაში ვმოქმედებთ, მაგრამ დარწმუნებით ვიცით საფრთხეზე, რომელსაც ეპიდემიის მეორე ტალღა შეიცავს. ამიტომაც, ფხიზლად ვრჩებით.

მხოლოდ დრო თუ გამოავლენს, რამდენად სწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ, ამიტომ გამიჭირდება, ამ მომენტისთვის დავასახელო, თუ რა გაკვეთილი ვისწავლეთ კრიზისის პერიოდში. თუმცა რამდენიმე რამ ჩემთვის უკვე ნათელია.

პირველი — უმნიშვნელოვანესია, რომ მთავრობებმა საზოგადოებას აცნობონ არა მარტო ის, რაც მათ იციან, არამედ ისიც, რაც არა. ეს არის ერთადერთი გზა, ავაგოთ ლეტალურ ვირუსთან საბრძოლველად საჭირო ნდობა დემოკრატიულ საზოგადოებაში. ვერც ერთი დემოკრატია ვერ დააძალებს მოქალაქეებს, ქცევა შეცვალონ, ყოველ შემთხვევაში, მაღალი საფასურის გადახდის გარეშე. კოორდინირებული, კოლექტიური რეაგირებისას გამჭვირვალობა და ზუსტი ინფორმაცია ბევრად უფრო ეფექტიანია, ვიდრე დაძალება.

გერმანიაში ვირუსის გავრცელების შენელებაში წარმატებას იმიტომ მივაღწიეთ, რომ მოქალაქეების დიდ უმრავლესობას სურს თანამშრომლობა, საკუთარი თავისა და სხვების პასუხისმგებლობიდან გამომდინარე. თუმცა ამ წარმატების შესანარჩუნებლად მთავრობა ვალდებულია, [საზოგადოებას] დროული ინფორმაცია მიაწოდოს ვირუსზე, ღია დებატითა და აღორძინების გეგმით.

მეორე — საზოგადოების ინფორმირებასთან ერთად, მთავრობებმა უნდა აჩვენონ, რომ ეყრდნობიან მოქალაქეებს სიტუაციისა და მათი მოთხოვნების გასაცნობად. რადგანაც ინფორმირებული არიან, გერმანელმა მოქალაქეებმა იციან, რომ ნორმალურ ცხოვრების რიტმში დაბრუნება ვაქცინის გარეშე არაა შესაძლებელი. ჩვენს ახალ, ყოველდღიურ რუტინაზე ფიქრისას არის ფორმულა: დავაბრუნოთ ნორმალური ცხოვრება, რამდენადაც ეს შესაძლებელია,  და იმდენი უსაფრთხოების ზომით, რამდენიც აუცილებელია.

მანამდე, სანამ ჩვენი გადაწყვეტილება, სად და როგორ შევამსუბუქებთ შეზღუდვებს, თანხვედრაში მოვა მკაფიო და გასაგებ კრიტერიუმებთან, გვჯერა, რომ გერმანელი მოქალაქეები მათ მხარს დაუჭერენ. ჩვენი გადაწყვეტილებების მამოძრავებელი უნდა იყოს ფაქტები, მიზანი კი- ინფექციის რისკის შემცირება. ვიცით, რომ სოციალური დისტანცირება ყველაზე ეფექტიანი დაცვაა. როცა ადამიანები ერთმანეთისგან მინიმუმ 1,5 მეტრით არიან დაშორებული, ინფიცირების რისკი საკმაოდ ეცემა, ხოლო თუკი შეგვეძლება საბაზისო ჰიგიენის წესების დაცვის უზრუნველყოფა, რისკი კიდევ უფრო ჩადის ქვევით. დარჩენილი რისკების მართვა სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი, სიტუაციიდან გამომდინარე.

მესამე — პანდემიამ აჩვენა, რატომ სჭირდება ერთმანეთთან დაკავშირებულ მსოფლიოს გლობალური დონის კრიზისული მენეჯმენტი. სამწუხაროდ, მრავალმხრივი თანამშრომლობა ბოლო წლებში გართულდა, მოკავშირეებს შორისაც კი. ახლა ვხედავთ, რამდენად ვჭირდებით ერთმანეთს და ამჟამინდელი კრიზისიც ამას გვახსენებს. არცერთ ქვეყანას არ შეუძლია, პანდემია მარტომ მართოს. გვჭირდება საერთაშირისო კოორდინაცია, ხოლო თუ უკვე არსებული ინსტიტუტები საკმარისად კარგად ვერ მუშაობენ, ერთად უნდა ვიმუშაოთ მათ გასაუმჯობესებლად.

მეოთხე — ევროპელებმა უნდა გადავხედოთ იმას, თუ როგორ ვეკიდებით გლობალიზაციას და გავაცნობიეროთ, ის, რომ ძალიან საჭიროა კრიტიკულად აუცილებელი საქონლის (მაგალითად, სამედიცინო აღჭურვილობის)  ევროკავშირის შიგნით წარმოება. დაგვჭირდება ჩვენი მომარაგების ჯაჭვების დივერსიფიცირება, რათა თავიდან ავიცილოთ სრული დამოკიდებულება ერთ ქვეყანასა თუ რეგიონზე. თუმცა გლობალიზაციის გადაფასება არ ნიშნავს საერთაშორისო თანამშრომლობის შემცირებას. პირიქით — ევროკავშირის წევრების გაერთიანებულ ძალისხმევას უკვე მიჰყავს წინ საქმე ვაქცინის შემუშავების პროცესში. მისი [ვაქცინის] აღმოჩენის შემდეგ გონივრული იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ ვაქცინის წარმოება ევროპაში მოხდება, მაგრამ ის მთელ მსოფლიოში იქნება ხელმისაწვდომი.

კრიზისების უმრავლესობის მსგავსად, ესეც გვთავაზობს შესაძლებლობებს. ბევრ სფეროში მან ჩვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინა: ერთიანობის ახალი გრძნობა, სხვების დახმარების უფრო დიდი სურვილი და განახლებული მოქნილობა და კრეატიულობა. ეჭვგარეშეა, რომ პანდემიის საშუალოვადიანი შედეგები მძიმე იქნება. თუმცა, მიუხედავად ყველა სირთულისა და გაურკვევლობის, რომელიც მოგველის, მე ოპტიმისტურად განწყობილი ვრჩები. გერმანიაში და ყველგან სხვაგან ვხდებით იმის მოწმენი, თუ რა შეუძლიათ ჩვენს ლიბერალურ დემოკრატიებსა და მოქალაქეებს.


სტატია ქვეყნდება The Project Syndicate-ისა და “ნეტგაზეთის” შეთანხმების შესაბამისად. 

თარგმანი: ნიკა ბურდული

გარეკანის ფოტო: EPA


იხილეთ აგრეთვე:

ჩვენი საუკეთესო წუთები | ხავიერ სოლანა

უხილავი მკვლელები

პირქუში სიმართლე “შვედურ მოდელზე” | მოსაზრება

მასალების გადაბეჭდვის წესი