ახალი ამბები

რა შეზღუდვები დარჩება საგანგებოს გაუქმების შემდეგ

22 მაისი, 2020 • 1722
რა შეზღუდვები დარჩება საგანგებოს გაუქმების შემდეგ

დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, ანუ 23 მაისიდან, რიგი შეზღუდვები მოიხსნება, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედება და სავაჭრო ცენტრების გახსნა ჯერჯერობით არ იგეგმება.

გახარიამ დღეს თქვა, რომ ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად გარკვეული სახის შეზღუდვები შენარჩუნდება.

„მაგალითად, ეკონომიკური საქმიანობების, სამოქალაქო და მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების, სპორტული და კულტურული ღონისძიებების, საზღვრებზე კონტროლის. და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუ კოვიდთან ბრძოლაში საქართველო წარმატებულია, წარმატებულია მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გადავდგით დროული პრევენციული ნაბიჯები.

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვების გაგრძელებაში თითოეული მოქალაქის სრული მხარდაჭერა გვაქვს, ამას სჭირდება გარკვეული მუშაობა და კომუნიკაცია“, – ამბობს პრემიერი.

მისი თქმით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში პანდემია ახლა შედის პიკში, შესაბამისად, ეკონომიკის ამოქმედება უნდა მოხდეს ფრთხილად და ნელი ნაბიჯებით.

„შეზღუდვები არის იმის პირობა, რომ ეკონომიკა ნელ-ნელა ავამოქმედოთ“, – ამატებს გახარია და ამბობს, რომ კრიზისი ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა – „რისი გასაღებიც ისაა, რომ სხვებთან შედარებით უკეთესად ვუმკლავდებით დროულად მიღებული ნაბიჯების გამო“.

„მნიშვნელოვანია ეკონომიკის ფრთხილი ამუშავება.. ჩვენ კარგად გვესმის, რამხელა რისკში შევდივართ, როდესაც მოსახლეობას ვეუბნებით, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტს ჯერ ვერ ავამუშავებთ. გასაგებია, მძიმეა, უდიდესი დისკომფორტია, მაგრამ, მეორე მხრივ, მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვენს პირობებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკის შემცველი ფაქტორია [ვირუსის] გავრცელების.

რაც შეეხება ღია ბაზრობებს, სადაც ადამიანები უკვე სოციალურ პროტესტზე ფიქრობენ, იქაც რაღაც კომპრომისი უნდა ვნახოთ და ალბათ, იქ, სადაც ამ ბაზრობის ობიექტებზე ქუჩის მხრიდან არის შესასვლელი, ნელ-ნელა და ფრთხილად რაღაც გავაკეთოთ“, – ამბობს ის.

ბრიფინგის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ისმის, თუ როგორ მიმართავს გახარია საკოორდინაციო საბჭოს წევრებს, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს და ამბობს:

„რაც შეეხება შეზღუდვებს, ჩვენ დღეს, ფაქტობრივად, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება. გარდა ამისა, შეზღუდვა 3 პირზე მანქანაში, თუმცა რჩება ტაქსებში. უქმდება კარანტინი ბოლნისის მუნიციპალიტეტში, რჩება მხოლოდ ორ სოფელში, გეტასა და მუშევანში – ამას დღეს ვაკეთებთ, ხომ ,ბატონო ამირან?

შეზღუდვები გრძელდება [საზღვარზე] საჰაერო და საფეხმავლო მიმოსვლაზე, რესტორნები ადგილზე მომსახურებით ვერ იმუშავებს, სავაჭრო ცენტრები, მოლებს ვგულისხმობ, დახურული რჩება. სპორტული-გამაჯანსაღებელი აქტივობები – დახურული რჩება.“

მანქანაში 3 ადამიანზე მეტის ყოფნის შეზღუდვა უქმდება, თუმცა, არა ტაქსებისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი